როგორც იქნა, მოახლოვდა საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების სარაგბო დაპირისპირება. ორიოდე კვირაში ბორჯღალოსნები რუს დათვებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ, რის შემდეგაც რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2019/20 წლების სეზონი ოფიციალურად დასრულდება.
თბილისში გამომგზავრებამდე რუსეთის ნაკრების უელსელი მთავარი მწვრთნელი, ლინ ჯონსი თამამი განცხადებების გაკეთებას არ ერიდება, თუმცა ამას უკვე მიჩვეულებიც ვართ. ფაქტობრივად, ყოველი დაპირისპირების წინ რუსები ყოველთვის დიდი შემართებით მოდიან, თუმცა უკან როგორც ბრუნდებიან ალბათ ყველა გულშემატკივარმა იცის.
გამონაკლისი არც ეს დაპირისპირებაა. ცოტა ხნის წინ, ლინ ჯონსმა მოახლოებულ თამაშზე კიდევ ერთი ხმამაღალი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ თუ მისი გუნდი საქართველოს ნაკრებს დაამარცხებს, რუსეთის პრეზიდენტმა მას ეროვნული გმირის წოდება უნდა მიანიჭოს.
თავდაპირველად, რუსმა ჟურნალისტმა მას ჰკითხა გადაიპარსავდა თუ არა თმას ბორჯღალოსნების დამარცხების შემთხვევაში, რაზეც ჯონსმა ასე უპასუხა: „თავს ნამდვილად არ გადავიპარსავ, მაგრამ თუ საქართველოს ნაკრებს დავამარცხებთ, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას მოვითხოვ. ამისთვის მან გმირის წოდება უნდა მომანიჭოს, როგორც იური გაგარინს.
უელსელმა მწვრთნელმა ქართველ მორაგბეებზეც ისაუბრა:
„ქართველი მორაგბეების უმრავლესობა პროფესიონალურ დონეზე საფრანგეთში თამაშობს, სადაც ახლა სეზონის შუა ეტაპია. ამის გამო ისინი შეხვედრას კარგ ფორმაში ხვდებიან. ვფიქრობ, პირველ ნახევარში კარგი კონკურენციის გაწევა შეგვიძლია, მაგრამ მეორე ტაიმი გაცილებით რთული იქნება. ამას დავუმატოთ „შემოდგომის ერთა თასზე“ მიღებული გამოცდილებაც, რამაც საქართველო ტოპ-გუნდებთან თამაშმა უფრო ძლიერ გუნდად აქცია. მესამე არის თავდაჯერებულობა, ქართველები რუსებთან დიდი ხანია არ აგებენ, რაც ფსიქოლოგიურად ძალიან კარგად მოქმედებს, თუმცა, ჩემი საქმეა, რომ ჩემს მორაგბეებს რწმენა შევმატო, რითაც ისინი საქართველოს ნაკრების დამარცხებას შეძლებენ“, – განაცხადა ლინ ჯონსმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების დაპირისპირება თავდაპირველად 2020 წლის 14 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო გარკვეული დროით გადაიდო. ბოლოს გადაწყდა, რომ შეხვედრა 7 თებერვალს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება, თუმცა გულშემატკივრები მატჩზე დასწრებას ვერ შეძლებენ.








