ევროლიგის რეგულარული გათამაშების მორიგ ტურში, მოსკოვის „ცსკამ“ გერმანულ „ალბას“ სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში 71:68 მოუგო.
რუსულ პრესაში კი ამ გამარჯვებაზე მეტად, სხვა ამბავს არჩევენ. კერძოდ, ავტორიტეტული გამოცემა „სპორტ ექსპრესი“ წერს, რომ 22 იანვარს, შინაურ კელდებში სტამბოლის „ფენერბახჩესთან“ მარცხის შემდეგ, მოსკოვურ გუნდში მონასტერი აირია და შიდა სამზარეულოში კალათბურთელებს შორის დაპირისპირებებს ჰქონდა ადგილი.
ჩვენთვის საინტერესო კი თორნიკე შენგელიაა. რუსული მედიის მტკიცებით, „ცსკას“ ერთ-ერთი ლიდერი მაიკ ჯეიმსი სხვებთან ერთად სწორედ ქართველ კალათბურთელს აუხირდა და საქმე ლამის ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდაო.
ამ ამბავს თავად მაიკ ჯეიმსი გამოეხმაურა და იქაურ მედიას ქოქოლა არ დააკლო.
„სისულელეებს ყოველთვის წერდით და იგივეს აგრძელებთ. ახლა, ისე გამოიყვანეთ, რომ თითქოს თოკოს ვეჩხუბე. რა უნდა გითხრათ? იდიოტები ხართ. არ შეიძლება, რაც მოგინდებათ ყველაფერი წეროთ“ – აღნიშნავს მაიკ ჯეიმსი ტვიტერის საკუთარ გვერდზე.
„ცსკას“ ლეგიონერი გუნდზე გაბრაზებული შესაძლოა მართლაც იყოს. საქმე იმაშია, რომ მაიკ ჯეიმსს გამზრდელი ბაბუა გარდაეცვალა, კლუბმა კი მას დაკრძალვაზე წასვლის ნება არ მისცა. ჯეიმსსაც უთანხმოება მთავარ მწვრთნელ დიმიტრი იტუდისთან ამიტომ მოუვიდაო.




