ისე მოხდა, რომ დაუძინებელი საფეხბურთო მტრები – „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ლივერპული“ მოკლე დროში ერთმანეთს მოედანზე ორჯერ გადაეყარნენ. ჯერ პრემიერლიგის ტურში, რომელიც ფრედ 0:0 დასრულდა, შემდეგ კი FA თასზე. აქ კი უკვე წითელმა ეშმაკებმა მერსისაიდელები 3:2 დაამარცხეს. გამარჯვების გოლი ფერნანდეშმა საჯარიმო დარტყმით გაიტანა.
მატჩის შემდეგ კმაყოფილი იყო მანჩესტერელთა მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი:
„ერთი კვირის წინანდელი მატჩი უფრო ფრთხილი და ჩაკეტილი გამოდგა. ეს კი თასის თამაში იყო და ვისიამოვნეთ. ჩვენ იდეალური ფსიქოლოგიური მზადყოფნა გამოვავლინეთ, რაც ვფიქრობ დაგვეხმარა საბოლოო წარმატებაში.
სალაჰის გოლმა არ გაგვტეხა და გაცილებით მობილიზებულები გავხდით. შევუტიეთ, შანსები გვქონდა და სასიხარულოა, რომ გამოვიყენეთ. რა თქმა უნდა, ორივე გუნდის მიზანი მოგება იყო. ეს მოგება მხოლოდ გამართლების ხარჯზე არ მოგვიპოვებია, ჩვენ ის დავიმსახურეთ“ – თქვა ნორვეგიელმა სპეციალისტმა.





