არავინ დავობს, რომ ლიონელ მესი თანამედროვე ფეხბურთის სუპერვარსკვლავია. ბევრს, შესაძლოა არგენტინელი ფორვარდი საერთოდ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოდაც მიაჩნდეს და არც გაემტყუნებათ. მესიმ, 21-ე საუკუნის ეპოქა შექმნა.
იყო დრო, ლეოს ესპანეთში კი არა, მსოფლიოში არ ჰყავდა ბადალი. ამ შემთხვევაში მის სატრასნფერო ღირებულებას ვგულისხმობთ. ამჟამად, კი „ბარსელონას“ კაპიტანი ლა-ლიგაში ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად აღარ ითვლება. უფრო მეტიც – ის არც მეორეა და მესამე ადგილზეც მარტო არ არის. მესი საპრიზო ადგილს, თანაგუნდელ, ახალგაზრდა ვუნდერკინ ანსუ ფატისთან ერთად იყოფს. ორივეს სატრანსფერო ფასი 80 მილიონი ევროა.
ამჟამად, ესპანეთში ყველაზე ძვირფასი მადრიდის „ატლეტიკოს“ ახალგაზრდა ფორვარდი ჟოაო ფელიქსია. პორტუგალიელის გადასაბირებლად მსურველს 100 მილიონის გადახდა მოუწევს. მეორე ადგილზე კი ასევე „ატლეტიკოელი“ იან ობლაკია. მეკარის სატრანსფერო ღირებულება 90 მილიონს შეადგენს.
ლა-ლიგის ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა ათეულში კიდევ ორი მეკარეა – ტიბო კურტუა და მარკ ანდრე ტერ-შტეგენი. ორივეს ერთნაირი ფასი – 75 მილიონი ევრო აქვთ.
რაც შეეხება ანტუან გრიზმანს, ის 60 მილიონით მე-15 ადგილზეა.





