2002 წლის მაისის 11 დღეში ,,ლევერკუზენმა“ შესაძლო სამი მოსაგები ტიტულიდან სამივე დაკარგა და მას ,,ნევერკუზენი“ შეარქვეს: ბუნდესჩემპიონობა სამი ტურით ადრე 5-ქულიანი უპირატესობის მიუხედავად მაინც დაკარგა, წააგო ქვეყნის თასის ფინალში და ასევე, ჩემპიონთა ლიგის ფინალიც.
თუმცა, ამბობენ, რომ ამ მოვლენებამდე 2 წლით ადრე დაიწყო ლევერკუზენის ,,ბაიერის“ ნავსიანი პერიოდი. მაშინ, 2000 წლის მაისში ,,ფარმაცევტებს“ 90 წუთი აშორებდა სანუკვარ საჩემპიონო ტიტულს, თუმცა ყველაფერი ერთმა მოძრაობამ შეცვალა, რომელიც უდიდესმა ვარსკვლავმა მიხაელ ბალაკმა განახორციელა.
1979 წელს ბუნდესლიგაში აღზევებით და იქ ფეხისმოკიდების შემდეგ, ლევერკუზენელებმა 1988 წელს ევროპაში დაიქუხეს და უეფას თასი მოიპოვეს. ხოლო 1993 წელს გერმანიის თასსაც დაეპატრონენ. მაგრამ ის გუნდი, რომელმაც სტაბილურად ძლიერად დაიწყო თამაში 90-ების მეორე ნახევრიდან გამოდის სცენაზე. ამ დროს ,,ბაიერს“ კრისტოფ დაუმი წვრთნიდა.

ულვაშებიანმა ქერათმიანმა სპეციალისტმა, რომელიც ფეხბურთელობისას სამოყვარულო და ნახევრადპროფესიონალურ კლუბებში ნახევარმცველად თამაშობდა, სახელი 80-ანებში ,,კიოლნში“ მუშაობით გაითქვა, სადაც მედგარი და შეუპოვარი ბრძოლა ჰქონდა სახელოვან ,,ბაიერნთან“, თუმცა დღემდე უცნობია, რატომ გაუშვეს მწვრთნელი გუნდიდან. თუმცა 1992 წელს, ,,შტუტგარტში“ მწვრთნელობისას ორწლიანი მუშაობის თავზე გერმანიის ჩემპიონატის ვერცხლის სასალათე მოიპოვა. თუმცა, შემდეგ დაღმასვლა დაიწყო და დაუმი გუნდიდან წავიდა. თურქეთში ორწლიანი წამუშავების შემდეგ ის ლევერკუზენმა მიიწვია, რომელიც წინა წელს ბეწვზე გადაურჩა მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებას.

დაუმმა მეტად ძლიერ კოლექტივი ჩამოაყალიბა, სადაც ყველა პოზიციაზე შესანიშნავი მოთამაშეები თამაშობდნენ და მომავალში მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები გახდნენ: პირველი, რასაკვირველია, მიხაელ ბალაკია სახსენებელი, რომელსაც გერმანიის ჩემპიონობა უკვე ,,კაიზერსლაუტერნთან“ ჰქონდა მოპოვებული, მის გვერდით ცენტრში ირჯებოდა ბრაზილიელი ემერსონი, შეტევაში ვერცხლისწყალივით მოქმედებდა ასევე ბრაზილიელი ზე რობერტო. ჯარიმებს შესანიშნავად ასრულებდა ბერნდ შნაიდერი. დაცვას საიმედოდ ამაგრებდნენ გუნდის ერთ-ერთი ლეგენდა და სიმბოლო იენს ნოვოტნი და ხორვატი რობერტ კოვაჩი. შესანიშნავი იყო ნახევარმცველი კარსტენ რამელოვი, რომელმაც გუნდს 13 წელი შესწირა. 1999/2000 წწ. სეზონში ლევერკუზენის ,,ბაიერი“ გერმანიის ჩემპიონობის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ითვლებოდა და ქომაგებშიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა თავისი ლაღი და შემტევი სტილის დამსახურებით.

მეორე მხრივ იდგა გერმანული ფეხბურთის ფლაგმანი მიუნხენის ,,ბაიერნი“ თავისი ოლივერ კანით კარში, ძალიან გამოცდილი მწვრთნელით ოტმარ ჰიტცფელდით და უმრავი ვარსკლავებით გუნდში. 1997 და 1998 წლებში გუნდმა შესაბამისად მესამე და მეორე ადგილი დაიკავა ჩემპიონატის ცხრილში, თუმცა 1998 წლის 6 დეკემბერს ბავარიელთა მენეჯერმა ული ჰიონესმა მაინც განაცხადა ,,ფარმაცევტთა“ დამამცირებელი ფრაზა: ,,ლევერკუზენი ასი წელი ვერ შეძლებს ჩვენს გადასწრებას“.
ლევერკუზენი ბუნდესლიგაში იმ სეზონში აღზევებულ, მოკრძალებულ ,,უნტერჰახინგს“ ესტუმრა. მიუნხენის ქალაქგარეთა უბნის ეს გუნდი სახლში მეტად კერკეტი კაკალი გახლდათ და ბევრს გაუმწარა სიცოცხლე, თუმცა მთავარი გამწარება თურმე წინ იყო. შინ მათი დამარცხება იმ წელს, მხოლოდ ,,ბაიერნმა“ და ,,კაიზერსლაუტერნმა“ მოახერხეს. თუმცა, როცა ლევერკუზენელები უნტერჰახინგელებს ეწვივნენ, მასპინძლებს ბუნდესლიგაში დარჩენის საკითხი უკვე გადაჭრილი ჰქონდათ. სხვათაშორის, ,,უნტერჰახინგს“ საჩემპიონო ,,შტუტგარტში“ დაუმის თანაშემწე ლორენც-გიუნტერ კესტნერი წვრთნიდა.
სპეციალისტთა და ვეტერანთა, მათ შორის ბრაიტნერისა და ნეტცერის აზრით, ლევერკუზენი უდავოდ მოიპოვებდა ჩემპიონობას. მიუნხენურ კლუბს კი მეზობლების ეიმედებოდა, რომ ,,უნტერჰახინგი“ უბრძოლველად არაფერს დათმობდა და სიურპრიზს შესთავაზებდა ,,ბაიერნს“.
მატჩები, როგორც წესი, ერთდროულად დაიწყო, რომლის დაწყებამდე გერმანიის ტელევიზიამ ტელეხიდი მოაწყო, სადაც დაუმი მეტად პოზიტიურად იყო განწყობილი და ღიმილით იძლეოდა ინტერვიუს. თავის მხრივ, ჰიტცფელდიც ინარჩუნებდა პოზიტიურ განწყობას, რომელსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა იმედი დაკარგული.

ბავარიელებმა საქმე პირველ 16 წუთშივე მოაგვარეს და მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. მათი ყურადღება ახლა უკვე მეზობელი უნტერჰახინგისკენ იყო მიპყრობილი. იქ კი სტუმარ გუნდს ნერვიულობა ეტყობოდა და აშკარად ჩანდა ფეხბურთელები შებოჭილები მოქმედებდნენ. ამის დასტური იყო თუნდაც რამდენიმე ხელსაყრელი მომენტის განიავება, თუმცა მათ ხომ ფრეც აძლევდათ ხელს და საგანგაშო არაფერი იყო. მე-20 წუთზე ლევერკუზენის საჯარიმოში ჩაკიდებული ბურთი მიხაელ ბალაკმა მოგერიების ნაცვლად საკუთარ კარში ჩაჭრა – 1:0. გერმანია და მითუფრო ლევერკუზენი შოკში ჩავარდა.
დაუმის შეძახილების მიუხედავად გუნდს აღარ შეეძლო მდგომარეობის გამოსწორება. ამ დროს კი მიუნხენელთა ტრიბუნაზე ქომაგებს ბანერი წარწერით ,,Der ewige zweite Leverkusen“ გამოეკიდათ, რაც შეიძლება ასე ითარგმნოს: ,,მარად მეორე ლევერკუზენი“.

ტიტულის დაკარგვით გამოწვეული უძლურებისგან ემერსონმა გამწარებით თქვა: ,,ლევერკუზენი ვერასდროს ვერაფერს მოიგებს. ვერასდროს, ვერასდროს, ვერასდროს…“ და ეს მისი სიტყვები წინასწარმეტყველებად დარჩა ამ დრომდე.
ბავარიელთა მენეჯერს არც მისი ცოლი სუზი ჩამორჩა მწარე რეპლიკის სროლით: ,,მალე მივალ სახლში და ტელევიზორს ჩავრთავ. მინდა დაუმის სახე ვნახო“.
,,ჩემი შვილის მარსელის მკლავებში ვქვითინებდი, ყველა საშინლად გაწბილებული ვართ. გასახდელში სამარისებული სიჩუმე იდგა, როგორც ეს ჩიკაგოს ცენტრალურ სასაფლაოზეა“, – თქვა მოგვიანებით დაუმმა.
ყველა თანხმდება, რომ ლევერკუზენმა ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვერ გაუძლო. მაგრამ იენს ნოვოტნიმ, ალბათ ყველაზე ზუსტი განმარტებაა გააკეთა: ,,დღეს ჩვენ იმიტომ კი არ წავაგეთ, რადგან ვნერვიულობდით. არამედ, იმიტომ, რომ ფეხბურთი უბრალოდ თამაშია და არა მეცნიერება, სადაც შეიძლება ყველაფერი გათვალო“.

მოგვიანებით დაუმმა გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელობის შესახებ წინადადება მიიღო, თუმცა შემდეგ დიდ სკანდალში გაეხვა. მას ნარკოტიკების მოხმარებას აბრალებდნენ და მოგვიანებით თავად გამოტყდა და აღიარა, რომ კოკაინის მომხმარებელი გახლდათ. ამ ყველაფრის უკან კი ული ჰიონესი იდგა, რომელსაც ძალიან არ სურდა დაუმი გერმანიის ნაკრების მწვრთნელად დანიშნულიყო.
ორი წლის შემდეგ, ლევერკუზენი ტოპ-მიულერის თავკაცობით სამ ტიტულს უტევდა, მაგრამ სამივე ფრონტზე გუნდს ხელი მოეცარა და ქომაგმა მას ,,ნევერკუზენი“ შეარქვა.








