27 თებერვალს, „დინამო არენაზე“ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს რუსეთის ნაკრებისთვის უნდა ემასპინძლა, თუმცა შეხვედრა უკრაინაში მიმდინარე პროცესების გამო გადაიდო.
მატჩის გაუქმების შემდეგ, რუსეთის ნაკრების სამხრეთ აფრიკელმა მთავარმა მწვრთნელმა, დიკ მიურიმ ადგილობრივ მედიასთან განაცხადა, რომ „რუსი დათვები“ თბილისში „ბორჯღალოსნების“ დასამარცხებლად მოდიოდნენ.
„27 თებერვალს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ უნდა გვეთამაშა. გვინდოდა და ბოლომდე გვქონდა იმედი, რომ თამაში ჩატარდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ჩვენი მოთამაშეებისთვის ძალიან გულდასაწყვეტი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება. გვქონდა განცდა, რომ ბოლო 29 წლის შემდეგ საქართველოს პირველად დავამარცხებდით და სამწუხაროა, ამის შესაძლებლობა რომ არ მოგვეცა.
ქართველები ჩვენთვის პრინციპული მეტოქეები არიან. ძალიან კარგი სანახავი იქნებოდა მათ 50 ათასი გულშემატკივრის წინაშე რომ დავამარცხებდით. ეს რუსული რაგბისთვის ფანტასტიკური იქნებოდა“, – განაცხადა დიკ მიურიმ.
შეგახსენებთ, რომ მატჩის გაუქმებიდან რამდენიმე დღეში, უკრაინაში მიმდინარე პროცესების გამო რუსეთის მორაგბეთა ნაკრები ჯერ „მსოფლიო რაგბიმ“ მოკვეთა ყველა ტურნირიდან, შემდეგ კი „რაგბი ევროპამ“ აუკრძალა ყველა საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობის მიღება.








