ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატში ზედიზედ მეორედ მოგვევლინა „ვალენსიას“ სასტარტო შემადგენლობაში გიორგი მამარდაშვილი. ქართველი ფეხბურთელის გუნდი ამჯერად „ალავესს“ ესტუმრა და მინინალური სხვაობით, 2:1 დამარცხდა.
ხოსე ბორდალასის გუნდისთვის აღნიშნული წაგება ლა ლიგაში ზედიზედ მესამე საგარეო მარცხი იყო. რაც შეეხება მამარდაშვილს, ქართველი მეკარის დადანაშაულება არცერთ გოლში არ შეიძლება.
ანგარიში პირველ ტაიმში მასპინძლებმა მე-14 წუთზე, მამადუ ლუმის გოლით გახსნეს. კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს თავი ჯერ ერთ-ერთმა ალავესელმა ფეხბურთელმა დაუხვედრა, რომელიც გიორგიმ სასწაულებრივად მოიგერია, თუმცა, დამატებაზე სენეგალელმა ფეხბურთელმა ყველას დაასწრო და საკუთარი გუნდი დააწინაურა.
საგულისხმოა, რომ გოლიდან რამდენიმე წუთში, „ალავესს“ უპირატესობის ორბურთამდე გაზრდაც შეეძლო, თუმცა ამის შესაძლებლობა მასპინძლებს გიორგი მამარდაშვილმა არ მისცა, რომელმაც ლეხეუნესს რთული ბურთი აუღო. საერთო ჯამში, ქართველმა მეკარემ პირველ ტაიმში 3 სეივის შესრულება მოახერხა.
„ვალენსიამ“ წონასწორობა მეორე ნახევარში, 62-ე წუთზე გონსალო გედეშის თერთმეტმეტრიანით აღადგინა. ზოგადად, მეორე 45 წუთი ბორდალასის გუნდმა მეტოქეზე ბევრად უკეთ ჩაატარა და რამდენიმე რეალური მომენტიც შექმნა, თუმცა წინ გასვლა ვერ შეძლო.
ტაიმის ერთადერთი რეალური შანსი ალავესელებს 76-ე წუთზე მიეცათ, რომელიც მასპინძლებმა კარგად გამოიყენეს. „ვალენსიას“ საჯარიმოში „ალავესის“ ფეხბურთელზე უხეშობის გამო მთავარმა მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც ზუსტად ხოსელუმ შეასრულა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა. პენალტის დარტყმის მომენტში გიორგი მამარდაშვილი მარცხენა მხარეს გადახტა, ხოსელუმ კი დარტყმა საპირისპირო კუთხეში შეასრულადა ქართველ მეკარეს შანსი არ დაუტოვა.
24 ტურის შემდეგ, „ვალენსია“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 30 ქულით მე-12 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 20 თებერვალს, საკუთარ მოედანზე „ბარსელონას“ წინააღმდეგ გამართავს.
ცნობისთვის, გიორგი მამარდაშვილმა ზედიზედ მესამედ ითამაშა „ვალენსიას“ სასტარტო შემადგენლობაში. თავდაპირველად, „რეალ სოსიედადის“ წინააღმდეგ, რომელიც ფრედ, 0:0 მორჩა, შემდეგ კი კოპა დელ რეის ნახევარფინალში, რომელიც ასევე ფრედ, 1:1 დასრულდა.




