ბოლო დღეებში, ქართულ და თურქულ პრესაში აქტიურად იწერება ბათუმის „დინამოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი აზაროვის „ტრაბზონსპორში“ შესაძლო ტრანსფერის შესახებ. გუშინ ფეხბურთელი ქალაქ ტრაბზონშიც იმყოფებოდა და კლუბის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს მართავდა.
თურქული მედია მთელი დღის განმავლობაში ირწმუნებოდა, რომ 19 წლის ფეხბურთელმა „ტრაბზონსპორთან“ კონტრაქტი შეათანხმა და მის ტრანსფერს კლუბი უახლოეს საათებში დაადასტურებდა, თუმცა დღის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმის „დინამოს“ ხელმძღვანელებმა მოლაპარაკების პირობები შეცვალეს, რის გამოც აზაროვის ტრანსფერი შეფერხდა.
„პრაიმ სპორტმა“ ინფორმაცია კლუბის პრეზიდენტთან გადაამოწმა. არჩილ ბერიძეს მოლაპარაკებების შესახებაც ვკითხეთ, რაზეც გვიპასუხა, რომ „დინამოს“ ფეხბურთელის შენარჩუნების დიდი სურვილი აქვს, თუმცა ირაკლი აზაროვის ინტერესებს მაქსიმალურად გაითვალისწინებენ და განვითარებაში ხელს არ შეუშლიან.
„მოლაპარაკება ნამდვილად მიმდინარეობს და აქტიურ ფაზაშია, ტრანსფერის ალბათობა დიდია, მაგრამ დანამდვილებით ვერ გეტყვით ჯერ რა იქნება.
ირაკლი ბათუმის „დინამოსთვის“ ძალიან დიდი ძალაა და მოხარული ვიქნებით თუ აქ დარჩება, მაგრამ ჩვენ ფეხბურთელის ინტერესებასაც და მის განვითარებასაც აუცილებლად ვითვალისწინებთ
ბათუმის „დინამოს“ არაფერი პირობა არ შეუცვლია, პირობები შეცვალა თურქულმა მხარემ. მიაწოდეთ ეს ინფორმაცია თურქ ჟურნალისტებს, ნუ წერენ ტყუილებს!“, – განაცხადა აჩი ბერიძემ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი აზაროვი გასულ სეზონში ბათუმის „დინამოსთან“ ერთად ეროვნული ლიგის გამარჯვებული გახდა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა ჯამში 35 მატჩი მიიღო მონაწილეობა, სადაც 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. 2021 წელს აზაროვს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაშიც ჰქონდა დებიუტი და ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით 6 შეხვედრაში ითამაშა.





