თბილისის “ლოკომოტივის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, გია ჭიაბრიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა “ტაიმაუტში” ქართულ ფეხბურთში არსებულ ბოლოდროინდელ პრობლემებზე ისაუბრა.
“ფეხბურთზე სახელმწიფო მაინც დიდ ფულს ხარჯავდა. მიზანი იყო ეს თანხა კლუბებზე ისე დახარჯულიყო, რომ ნელ-ნელა კერძო საკუთრებაში გადასულიყვნენ. ბევრი პრობლემის მიუხედავად, ეს ნაწილობრივ მოხდა და კერძო მეპატრონე ბევრს გამოუჩნდა.
ბიზნესს მეტი საშუალება უნდა ჰქონდეს, კლუბები შეინახოს და ფეხბურთის დაფინანსების პროგრამა საჭირო არ იყოს, მაგრამ ახლა პროგრამა არის არა განვითარების, არამედ, ფეხბურთის შენარჩუნების.
ვფიქრობ, სახელმწიფომ მეტი სტიმული უნდა მისცეს იმ ადამიანებს, ვინც ქართულ ფეხბურთში ფულს ხარჯავს. რაღაც მოსაფიქრებელია. ახლა ხშირად ვსაუბრობთ, რომ ფეხბურთში რა თანხები დაიხარჯაო. არადა, ხუთი წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურაზე, ბავშვთა და სამოყვარულო ფეხბურთზე, ეროვნულ ლიგებთან ერთად, ისეთი თანხა უნდა დახარჯულიყო, ერთი ფეხბურთელის ტრანსფერი რომ ღირს.
ფეხბურთი აღარ გვაქვს, ძალიან გვიჭირს და მაინც ძალიან მომთხოვნები ვართ. ჩვენი ხვალინდელი დღე დიდადაა დამოკიდებული მთავრობაზე და მათ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგან, რადგან ფეხბურთი სხვაგვარად ვერ განვითარდება.
სხვაგვარად ჩვენ იმ ფეხბურთს ვერ დავიბრუნებთ, რასაც ხალხი მიჩვეულია. ეს ნიჭი ისევ გვაქვს, მაგრამ გაჭირვების გამო განვითარებას ვერ ვახერხებთ.
ევროკავშირის წვერები რომ ვიყოთ, ძალიან მაგარი ტრანსფერები შეიძლება გაკეთდეს. ისეთ დონეზე გავდივართ და ისეთი დონის ჩემპიონატი გვაქვს, რომ ჩვენი ფეხბურთელების ტრანსფერებით გუნდს ვერ შეინახავ.
საშველი ჩემი აზრით ისაა, რომ ფეხბურთი ფეხზე დადგეს და ამაში მთავრობას დიდი როლი აქვს. ეს თუ არ მოხდება, ყოველი წელი უარესი იქნება და ბევრი გუნდი მივა იმ გზამდე, სადამდეც “ლოკომოტივი”. გუნდი გადავიდა დაბალ ბიუჯეტზე, ახალგაზრდებზე და თუ ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს, კარგი იქნება, თუ არადა, ამისთვისაც მზადაა. ხვალ და ზეგ იგივე მოუვა სხვებსაც, მაგრამ ადრე თუ გვიან კმაყოფილები ხომ უნდა ვიყოთ, ხომ უნდა გავიმარჯვოთ. ახლა რაც იხარჯება, ის არ არის განვითარებისთვის, და თუ არ იქნება დაფინანსება, არ იქნება ფეხბურთი.
ფეხბურთი სპორტზე მეტი უნდა იყოს და სულ სალანძღავი არ უნდა გახდეს. ჩვენ უნდა გვქონდეს კარგი ფეხბურთი, რადგან ნიჭიერი ერი ვართ და კარგად თამაში შეგვიძლია”, – განაცხადა გია ჭიაბრიშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბარში.
პირველი არხი სპორტი






