საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მედალი მოიპოვა. 61 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე შოთა მიშველიძემ ტურნირზე ერთმაშად 3 ვერცხლის მედალი აიღო და ვიცე-ჩემპიონობაც იზეიმა.
წარმატების შემდეგ 27 წლის ძალოსანმა მცირე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მის ტრიუმფში მთავარი როლი ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გიორგი ასანიძეს მიუძღვის.
„მადლობა ყველას გულშემატკივრობისა და ზღვა ემოციებისათვის! ოლიმპიადაზე ცუდად ასპარეზობის შემდეგ რაღაც პერიოდი ვფიქრობდი, რომ ამ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა არ მინდოდა… მარცხმა საკმაოდ იმოქმედა ჩემზე. ამ შემართებითა და ტრავმებით ვარჯიში რთული იყო.
მადლობა, გიორგი ასანიძე, რომ აქამდე მომიყვანე და დღეს შენი წყალობით მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი ვარ, მადლობა, რომ გჯეროდა! ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო გია ცირეკიძეს, ავთო გახოძეს, გიორგი ჭინჭარაულს, რუსლან ღიბრაძეს!“, – ამბობს მიშველიძე.
მსოფლიო პირველობაზე დღეს კიდევ ერთი ქართველი ძალოსანი გამოვა. საქართველოს ღირსებას 73 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ასანიძის ვაჟი, კახა ასანიძე დაიცავს.





