ეროვნული ლიგის 33-ე ტურში “დინამო ბათუმი” თბილისის “ლოკომოტივს” საგურამოში სტუმრად დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.
პირველი ტაიმი ბათუმელთა უპირატესობით წარიმართა. “ლოკომოტივი” კი თამაშს კონტრეშეტევების ხარჯზე ცდილობდა.
ანგარიშის გახსნა პირველად მასპინძლებს შეეძლოთ. მე-18 წუთზე გიორგი ქველაძის ჩაწოდების შემდეგ, ირაკლი სიხარულიძე ძალიან სახიფათოდ ურტყამდა, თუმცა ბათუმელთა მეკარე ლაზარე კუპატაძე ამ სიტუაციაში დამაჯერებელი იყო.
პირველი ტაიმში ბათუმლებსაც შეეძლოთ გატანა. სანდრო ალთუნაშვილმა საჯარიმოს გარედან გაისროლა, მაგრამ რევაზ თევდორაძემ ბურთის მოგერიება ეფექტურ ნახტომში შეძლო. ამგვარად პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.
მეორე ტაიმიც აჭარელთა უპირატესობით წარიმართა. თბილისელები კი თავიანთ შანსს კონტრშეტევებზე ელოდნენ.
მე-60 წუთზე გიორგი ფანცულაიას გადაცემის შემდეგ, ახლო მანძილიდან ჯიღაური ურტყამდა, მაგრამ თევდორაძემ აქაც დამაჯერებლად ითამაშა. მეორე რეალურ მომენტში კი მამუჩაშვილმა საჯარიმოდან შორეულ ძელთან ჩააწოდა. ჯოვინომ ბურთი ჯაბას თავით დაუგდო, ჯიღაურის დარტყმის შემდეგ კი ბურთი ჯერ ხარიხას მოხვდა, შემდეგ კი ლოკომოტივის მცველმა დარტყმული დაბლოკა.
ტაიმის ბოლოს გიორგი ზარიას შორეული დარტყმა იყო გამოსარჩევი, რის შემდეგაც ბურთი მცირე მანძილით აცდა კარს.
საბოლოოდ, საგურამოში გამართული მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.
“დინამო ბათუმი” 68 ქულით ეროვნული ლიგის ლიდერია.
ბათუმლები მომდევნო ტურში 20 ნოემბერს “თელავს” სახლში უმასპინძლებს.





