საქართველოს ნაკრების ყოფილმა და ამჟამად თბილისის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ პირველი არხის ეთერში, გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრობისას ეროვნული ნაკრების სექტემბრის თამაშები შეაფასა.
„ფაქტია, რომ შედეგი უარყოფითი იყო. ასეთ დროს მთავარი ხვალინდელი დღის სწორი ანალიზია, მსგავსი შეცდომები რომ არ დავუშვათ. როდესაც შიგნით ჩახედული არ ხარ, ამაზე ლაპარაკი ძნელია, მაგრამ კითხვები ბევრია – მაგალითად, ამდენი ფეხბურთელის შეცვლაზე. ამაზე კომპეტენტურ პასუხს ერთადერთი ადამიანი გასცემს, ეს მთავარი მწვრთნელია.
მომხდარზე პასუხისმგებელი ვილი სანიოლია და მან უნდა გასცეს პასუხი. კრიტიკა ძალიან ადვილია. მთავარია, სწორი პასუხები იყოს. დარწმუნებული ვარ, შეხვდება მედიას და ისაუბრებს, ასე რატომ მოხდა.
ფაქტია, რომ სამივე თამაში ჩავარდა და სამივე შეხვედრაში შემადგენლობა ძალიან იცვლებოდა. ჩემი აზრით, წარუმატებლობის მთავარი ფაქტორი მაინც ეს იყო. თუმცა, ამის მიზეზებს თავად განმარტავს“, – განაცხადა კახა ცხადაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა სექტემბერში 3 შეხვედრა გამართა და სამივეში დამარცხდა – კოსოვოსთან 0:1, ესპანეთთან 0:4, ბულგარეთთან 1:4.





