ტოკიოში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშების მე-6 დღე ქართული დელეგაციისთვის უმედლოდ დასრულდა. 30 აგვისტოს გათამაშებაში მონაწილეობას ორი პარასპორტსმენი, აკაკი ჯინჭარაძე (პარაწოლჭიმი) და ვლადიმერ ჭინჭარაული (მსროლელი) იღებდნენ.
ტოკიო 2020-ის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით დღეს პარაწოლჭიმში აკაკი ჯინჭარაძე (+107 კგ) გამოვიდა.
მეტნაკლებად წარმატებულად აკაკი ჯინჭარაძის გამოსვლა უნდა შეფასდეს. ქართველმა პარასპორტსმენმა ტურნირი მეოთხე ადგილზე დაასრულა. ჯინჭარაძემ სამი ცდიდან სამივე გამოიყენა და ასპარეზობა 221 კგ-ით მეოთხე ადგილზე დაასრულა.
რაც შეეხება ჭინჭარაულს, ქართველმა პარამსროლელმა 10 მეტრ დისტანციაზე სროლაში გამოსვლა 625.6 ქულით დაასრულა და საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა ვერ შეძლო.
ლადო ჭინჭარაული ტოკიოში კიდევ ორჯერ გამოვა – 1 სექტემბერს პნევმატური შაშხანით 10 მეტრიან დისტანციაზე, 4 სექტემბერს – 50 მეტრზე.
შეგახსენებთ, რომ პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს ანგარიშზე სამი ვერცხლის მედალია, რომლებიც ჩვენს გუნდს ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილმა და პარაძიუდოსტებმა – ინა ქალდანმა და რევაზ ჩიკოიძემ მოუპოვეს.





