„ზურაბ ზვიადაურს, ნერვიულობის ნიადაგზე, დისკოზი გაუმწვავდა და სამედიცინო დახმარება სჭირდება“, – ამის შესახებ „პრაიმ ტაიმ ნიუსთან“ საუბრისას მისმა ადვოკატმა, კახა ცნობილაძემ განაცხადა.
ოლიმპიურ ჩემპიონს და ყოფილ დეპუტატს, ზურაბ ზვიადაურს, ექიმების დახმარება დასჭირდა.
ზვიადაური, რომელსაც 27 წლის ნიკა კენჭოშვილის განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, კორონავირუსის პანდემიის გამო, სპეციალურად გამოყოფილ საკარანტინო სივრცეში იმყოფება.
„დისკოზი აქვს, რომელიც ამხელა სტრესისა და ნერვიულობის ფონზე გაუმწვავდა. ამჟამად, იმყოფება საკარანტინო პირობებში, რაც კორონავირუსის პანდემიის გამოა დაწესებული. იმ შეთხვევაში, თუ ადგილზე ექიმის დახმარება საკმარისი არ აღმოჩნდა, ვიშუამდგომლებთ, რომ ის საავადმყოფოში გადაიყვანონ“, – განაცხადა ცნობილაძემ.
ზურაბ ზვიადაურს თელავის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა, 18 აგვისტოს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე შეუფარდა.
სისხლიანი გარჩევა, თელავის მუნიციპლიტეტის სოფელ წინანდალში, 16 აგვისტოს მოხდა.
შემთხვევის შედეგად, გარდაიცვალა სამი და დაიჭრა ორი ადამიანი. გარდაცვლილებს შორისაა ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური.
წყარო: Primetime.ge
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი.





