ლატვიის ქალაქ რიგაში გამართულ ჭაბუკ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ქართულ დელეგაციას ერთადერთი ოქროს მედალი -81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ალექსანდრე ლოლაძემ მოუპოვა. 17 წლის სპორტსმენმა ფინალამდე 3 მეტოქე დაამარცხა, ფინალურ შეხვედრაში კი ფრანგ მეტოქეს 24 წამში სძლია.
ალექსანდრეს სურს, რომ „გამოწვევა 2024“-ის წევრი გახდეს და უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლოს. მისი კუმირი ლაშა შავდათუაშვილია და მიზანი იმავე შედეგების მიღწევაა, რასაც ლაშა შავდათუაშვილმა მიაღწია.
„პრაიმ სპორტი“ 17 წლის ძიუდოისტს დაუკავშირდა და მასთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა:
– როგორი შეგრძნებაა ევროპის ჩემპიონობა?
– პირველ რიგში ეს ტიტული დიდი პასუხისმგებლობაა, როგორც საკუთარი თავის, ასევე ერისა და ქართველი ხალხის წინაშე! აღტაცებითა და სიხარულით აღივსო ჩემი გული ტურნირის მოგებისას, თუმცა მალევე გავაანალიზე რეალობა და ახლა უკვე მზად ვარ უფრო მაღალ საფეხურს შევუტიო.
– შემართება როგორი იყო?
– ჩემი კარიერის განმავლობაში ეს უმნიშვნელოვანესი ტურნირია! ჩემი შემართება პიკზე იყო, გონებაში შევქმენი სიუჟეტი, სადაც დამარცხებასა და ოქროს გარდა სხვა სინჯის მედლებს ადგილი არ ჰქონდა! სწორედ ეს განწყობა, ეს შემართება აღმოჩნდა ჩემი გამარჯვების საწინდარი.
– ფინალურ შეხვედრის ემოციებზე რომ გვესაუბრო…
– ფინალისთვის ყურადღება მოვიკრიბე და საკმაოდ ხანგრძლივი ბრძოლისთვის ვიყავი მომზადებული, თუმცა ფრანგმა უპატიებელი შეცდომა დაუშვა და დაპირისპირების პირველივე წამებზე შევძელი მისი დამარცხება. ცოტა არ მჯეროდა კიდეც ყველაფერი ასე მალე რომ დამთავრდა, ამ ყველაფერმა დიდი სიხარული მომიტანა!
– რა არის შენი მიზნები უახლოეს მომავალში?
– უახლოეს მომავალში ვაპირებ სასწავლებელში ჩარიცხვას, გარდა ამისა, აქტიურად ვაგრძელებ ვარჯიშს, რათა ახალგაზრდულ ნაკრებში ადგილი დავიმკვიდრო და პროექტ „გამოწვევა 2024“-ის წევრი გავხდე.
– ვინ არის შენთვის მისაბაძი ძიუდოისტი და რა არის შენი ოცნება?
– ჩემთვის მისაბაძი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილია, ლაშას შედეგები და ტიტულები თვითონვე ამბობენ რამდენად დიდია ეს ადამიანი. ჩემი ოცნება და მიზანია ოდესმე მას გავუტოლდე!
– რას ეტყოდი ახალგაზრდებს?
– საკმარისი გამოცდილება არ მაქვს ახალგაზრდებს თავდაჯერებულად რომ მოვუწოდო და ვუბიძგო რამისკენ, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, შრომა ფასდება მეგობრებო, იშრომეთ ბევრი, რათა სინანულისა ან დაუკმაყოფილებლობის გრძნობა არ დაგეუფლოთ. ყველას წარმატებას ვუსურვებ ვინც პატიოსნად მიიწევს მიზნისკენ!








