ხვიჩა კვარაცხელიას “რუბინმა” ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. ლეონიდ სლუცკის გუნდმა გროზნოს “ახმატს” უმასპინძლა და პირველი ტაიმი წააგო, მაგრამ მე-2 ნახევარში სიტუაცია გამოასწორა და 3 ქულა მოიპოვა.
რუსულმა გამოცემამ Championat ქართველი ფეხბურთელს 8.0 დაუწერა, რაც ყველაზე მაღალი შეფასება იყო. ხვიჩას 16-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და აქედან 7-ჯერ წარმატებულად. მისი პასების 88% ზუსტი იყო. კვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელეს.
კომენტარი გააკეთა თავად მატჩის გმირმაც. ხვიჩა კვარაცხელია მატჩის შედეგით კმაყოფილი იყო.
“როდესაც მეტოქეს ფეხბურთელი გაუძევეს, თამაში გაგვიადვილდა. მთავარი ისაა, რომ მოვიგეთ და ხასიათიც გამოვავლინეთ. კარგი გუნდი ყოველთვის ბოლომდე თამაშობს და ეს ჩვენც დავამტკიცეთ. დიახ, ჩემთან ყოველთვის 2 ფეხბურთელი ჩნდება, თუმცა, ამ დროს თავისუფლად სხვები რჩებიან და ეს უნდა გამოვიყენოთ ხოლმე. რაკოვთან მატჩი? მათ კარგი გუნდი ჰყავთ, თუმცა, უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენ უკეთესები ვართ და მოვიგოთ”.
ყაზანის “რუბინს” 9 ქულა აქვს და რუსეთის ჩემპიონატს ზენიტთან და მოსკოვის დინამოსთან ერთად ლიდერობს, მომდევნო ტურში კი 15 აგვისტოს, კრილია სოვეტოვს უმასპინძლებს. იქამდე, 12 აგვისტოს, ყაზანელებს კონფერენსლიგაზე პოლონურ “რაკოვთან” მნიშვნელოვანი საპასუხო მატჩი ელით.







