ხვიჩა კვარაცხელიას “რუბინმა” ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. ლეონიდ სლუცკის გუნდმა გროზნოს “ახმატს” უმასპინძლა და პირველი ტაიმი წააგო, მაგრამ მე-2 ნახევარში სიტუაცია გამოასწორა და 3 ქულა მოიპოვა.
კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ხვიჩა ორჯერ იყო ახლოს ეფექტურ გოლთან. ჯერ 70-ე წუთზე, როდესაც მისი შორეული დარტყმა მეკარემ მოიგერია, ხოლო მეორედ 79-ეზე, თანაგუნდელთან გათამაშებული კარგი კომბინაციის შემდეგ დაარტყა და ბურთი ძელს მოარტყა.
რუსულმა გამოცემამ Championat ქართველი ფეხბურთელს 8.0 დაუწერა, რაც ყველაზე მაღალი შეფასება იყო. ხვიჩას 16-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და აქედან 7-ჯერ წარმატებულად. მისი პასების 88% ზუსტი იყო. კვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელეს.
საბოლოოდ, ყაზანელებმა მატჩი 2:1 მოიგეს. ყაზანის “რუბინს” 9 ქულა აქვს და რუსეთის ჩემპიონატს “ზენიტთან” და მოსკოვის “დინამოსთან” ერთად ლიდერობს, მომდევნო ტურში კი 15 აგვისტოს, კრილია სოვეტოვს უმასპინძლებს.





