ტოკიოს ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად დასრულდა. ოლიმპიადაზე დახურვის ცერემონია გაიმართა, რომელშიც საქართველოს მედროშე კარატისტი გოგიტა არქანია იყო. დახურვის ცერემონიის შემდეგ კომენტარი საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელმა ელგუჯა ბერიშვილმა და არქანიამ გააკეთეს:
ელგუჯა ბერიშვილი:
“ოლიმპიურ სტადიონზე ჩაქრა ოლიმპიური ცეცხლი. 16-მა დღემ ძალიან სწრაფად, წამივით ჩაიარა. ბევრი ვნებათაღელვა და გამარჯვება იყო და საქართველომ ღირსეულად დაიკავა ადგილი მოწინავე ქვეყნებს შორის. 206 მონაწილე ქვეყანას შორის საბოლოო ცხრილში 33-ე ადგილი დავიკავეთ და ისტორიული შედეგი გვაქვს. მოვიპოვეთ 8 მედალი და ასეთი შედეგი არცერთ ოლიმპიადაზე არ გვქონია. გავიმარჯვეთ და ღირსეულად, თავაწეულები ვბრუნდებით საქართველოში”.
გოგიტა არქანია:
“ტოკიოს ოლიმპიური თამაშები დასრულდა და პატივი მერგო ამ დიდ სარბიელზე საქართველოს დროშა გამომეტანა, რომლის ქვეშაც ჩვენი სპორტსმენები გამოდიოდნენ. ბედნიერი ვარ, ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდი წარმატება ჰქონდა. ყველას ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას”.
იაპონიის დედაქალაქში ოლიმპიური თამაშები 24 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობდა, ქართველი სპორტსმენების ანგარიშზე კი 8 მედალია: 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.ოლიმპიური ჩემპიონები ძიუდოისტი ლაშა ბექაური და ძალოსანი ლაშა ტალახაძე გახდნენ





