ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ბოლო წარმომადგენელმა გოგიტა არქანიამ იასპარეზა. 37 წლის ქართველმა სპორტსმენმა, რომელიც თამაშებზე +75 კგ წონით კატეგორიაში გამოვიდა, A ჯგუფში 4 ბრძოლიდან მხოლოდ ერთი მოიგო, მესამე ადგილი დაიკავა და 1/2-ფინალში გასვლა ვერ შეძლო.
გოგიტამ პირველი შეხვედრა იაპონელ რიუტარო არაგასთან ჩაატარა. ფრთხილი და დაძაბული შეხვედრა მასპინძელი სპორტსმენის გამარჯვებით დასრულდა 3:2.
ამის შემდეგ არქანია თურქი უღურ აკტაშს დაუპირისპირდა. თავიდან თურქი 2:0 დაწინაურდა. გოგიტამ ქულა კი აიღო, მაგრამ მალევე თავადაც გაუშვა მეტოქის იერიში და საბოლოოდ 1:3 დამარცხდა.
ქართველი კარატისტის მესამე მეტოქე გერმანელი ჯონათან ჰორნე იყო. ბრძოლის დასრულებამდე 5 წამით ადრე, როდესაც ანგარიში გერმანელის სასარგებლოდ 4:3 იყო, ჯონათან ჰორნემ მძიმე ტრავმა მიიღო და ტატამიდან ის საკაცით გაიყვანეს.
გოგიტას ჯერ გამარჯვება ჩაუთვალეს, მაგრამ მოგვიანებით ქულები ისევ ჩამოაკლეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ ქართველი კარატისტი ჯგუფის ორ საუკეთესოს შორის მოხვედრასა და მედლისთვის ბრძოლის 1/2 ფინალში გაგრძელებას ვეღარ შეძლებდა.
გოგიტა არქანია ბოლო დაპირისპირებაში ყაზახ დანიარ იულდაშევს შეხვდა, ქართველმა შეხვედრა 3:1 მოიგო და ჯგუფი 2 ქულით, მესამე ადგილზე დაასრულა.
იაპონიის დედაქალაქში ოლიმპიური თამაშები 8 აგვისტოს დასრულდება, საქართველოს გუნდმა კი, რომელიც 35 სპორტსმენისგან შედგებოდა, გამოსვლა უკვე დაასრულა. ქართველი სპორტსმენების ანგარიშზე ტოკიოში 8 მედალია: 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. ჩემპიონები ძიუდოისტი ლაშა ბექაური და ძალოსანი ლაშა ტალახაძე გახდნენ.





