29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე პოლონეთის ქალაქ გდინიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის ნახევარფინალში გასვლასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა, 4 მატჩ-პოინტი ვერ გამოიყენა და მარცხი განიცადა. არადა, ის WTA-ს ტურნირზე ასეთ წარმატებას კარიერაში პირველად მიაღწევდა.
გორგოძე BNP Paribas Poland Open-ის მეოთხედფინალში სლოვაკ კრისტინა კუჩოვას გაეჯიბრა და თამაში, რომელიც 3:57 წუთს გაგრძელდა, 7:6 (7:4), 6:7 (7:9), 6:7 (3:7) წააგო. საინტერესოა, რომ მატჩი რეკორდული გამოდგა, რადგანაც მიმდინარე სეზონში ქალთა ტურში ასეთი ხანგრძლივი შეხვედრა არ დაფიქსირებულა.
ქართველ ჩოგბურთელს 4 მატჩ-პოინტი მე-2 სეტში ჰქონდა, თუმცა, ის ტაი-ბრეიკზე მეტოქემ მოიგო, გადამწყვეტ სეტშიც საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა და იქაც სლოვაკმა იმარჯვა.
შეგახსენებთ, რომ გორგოძემ გდინიას ტურნირზე თამაში ჯერ კიდევ კვალიფიკაციიდან დაიწყო.





