ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი ესპანური მედიის ყურადღების ცენტრშია. მან „ვალენსიაში“ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა როგორც ვარჯიშებზე, ისე სადებიუტო მატჩში ბერძნულ „ატრომიტოსთან“, რომლის წინააღმდეგ 45 წუთი ითამაშა და ორჯერ ეფექტური სეივი შეასრულა.
20 წლის ქართველ მეკარეს მართლაც დიდი პოტენციალი აქვს და ეს ესპანეთში შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. ავტორიტეტულმა გამოცემა „მარკამ“ მამარდაშვილის შესახებ კომენტარი ჩისკო მუნიოსს სთხოვა. ჩისკო ფიქრობს, რომ “ვალენსიამ’ მამარდაშვილის დამატებით ძალიან კარგი ტრანსფერი განახორციელა და მას განვითარების დიდი შესაძლებლობა აქვს.
„ის კარგი, ძალიან საინტერესო მეკარეა, მაგრამ დრო და ნდობა სჭირდება. მას აქვს ძალიან სწრაფი რეაქცია, კარგი რეფლექსები და უსაზღვრო პოტენციალი განვითარებისთვის. ის ვალენსიასთვის კარგი შენაძენია“, – თქვა ჩისკომ.
მოგეხსენებათ, ფეხბურთელობის პერიოდში ჩისკო „ვალენსიაში“ თამაშობდა, შემდეგ კი თბილისის „დინამოს“ წვრთნიდა და ახლა ინგლისურ „უოტფორდში“ მუშაობს. შესაბამისად, ესპანელი სპეციალისტისთვის ქართული ფეხბურთი უცხო არ არის.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი თბილისის „დინამოს“ საკუთრებაა და ბოლო ორი წლის განმავლობაში თბილისის „ლოკომოტივში“ იჯარის წესით თამაშობდა. ასევე იჯარის წესით გადავიდა „ვალენსიაში“ და მომდევნო სეზონს ის ესპანური კლუბის შემადგენლობაში გაატარებს, „ღამურებს“ კი მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ.





