უეფას კონფერენსლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე ვიცე-ჩემპიონიც დამარცხდა. “დინამო” ბათუმმა ბორისოვოს “ბატესთან’ მინიმალური ანგარიშით, 0:1 წააგო.
პირველ ტაიმში “დინამო” ბათუმი უპირატესობას ფლობდა, პირველ ნომრად თამაშობდა, ხოლო “ბატე” კი მეტოქეს საკუთარ ნახევარზე ელოდებოდა, თავს დიდი ძალებით იცავდა და შანსს კონტრშეტევებზე ელოდა, რაც სხვათა შორის, ბელარუსებმა მიიღეს კიდეც, მაგრამ ერთხელ ლაზარე კუპატაძემ ითამაშა კარგად, ერთხელაც ოლეკსანდრ აზაცკიმ შემტევის სახიფათო დარტყმა ბოლო მომენტში დაბლოკა.
თავის მხრივ, “დინამო” ბათუმსაც შეეძლო გოლის გატანა. კარგი შანსები ჯაბა ჯიღაურმა და ფლამარიონ ჯოვინომ მიიღეს, მაგრამ ზუსტად ვერ დაარტყეს. ერთხელაც მარცხენა ფლანგიდან ჯოვინომ ჩააწოდა ძალიან სახიფათოდ, თუმცა ბელარუსმა მცველებმა სიტუაციის განმუხტვა ბოლო მომენტში შეძლეს და კარის წინ მარტო მყოფ გიორგი ფანცულაიას არ დაარტყმევინეს. პირველი ტაიმის ბოლოს დინამო ბათუმი პენალტს ითხოვდა და ამის საფუძველი ნამდვილად არსებობდა, მაგრამ ყაზახმა არბიტრმა არტიომ კუჩევმა წესის დარღვევა არ დააფიქსირა.
მე-2 ტაიმში პირველი სახიფათო მომენტი ბატე-ს მიეცა. სიგნევიჩმა სტანდარტის შემდეგ თავით დაარტყა და ბურთი კარს ასცდა. ბათუმელებმა მეტოქეს 59-ე წუთზე უპასუხეს, როდესაც შეცვლაზე შესულმა გიორგი ზარიამ დაარტყა, მაგრამ არაზუსტად. 61-ე წუთზე კი ყველაზე რეალური მომენტი შეიქმნა, ბორისოვოელთა შეტევას ნეხაიჩიკი ხელსაყრელი პოზიციიდან ასრულებდა, მაგრამ კუპატაძე მოწოდების სიმაღლეზე იყო და ბურთი კუთხურზე მოიგერია.
ამ ყველაფერმა შედეგი თამაშის დასრულებამდე 7 წუთით ადრე გამოიღო. სიგნევიჩი კიდევ ერთხელ გავიდა იოლად დასარტყმელ პოზიციაზე, დაარტყა კიდეც, ბურთი ძელს მოხვდა, მაგრამ იქვე პაველ ნეხაიჩიკი იყო, რომელმაც ცარიელ კარში ბურთის გადაგზავნა მოახერხა და მატჩის ბედი გადაწყვიტა. ამრიგად, “დინამო” ბათუმმა ბატე-სთან საკუთარ მოედანზე 0:1 წააგო და არცთუ ისე კარგ ვითარებაში აღმოჩნდა, რადგან სტუმრად აუცილებლად მოსაგები აქვს.
საპასუხო შეხვედრა ზუსტად ერთ კვირაში, 29 ივლისს, ბორისოვოში გაიმართება.





