პირველ მატჩში 1:5 მარცხის შემდეგ გორის დილა უეფას კონფერენსლიგას პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშა.
საპასუხო მატჩში ანდრეი დემჩენკოს გუნდმა სლოვაკური ჟილინა 2:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმი სტუმრებმა მოიგეს. მიხალ ძიურიშის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ვაჰან ბიჩახჩიანმა ზუსტად დაარტყა და ჟილინას უპირატესობა ორი მატჩის ჯამში კიდევ უფრო გაიზარდა.
მე-2 ნახევარში სლოვაკები მოდუნდნენ, დილა კი გააქტიურდა. წონასწორობა 58-ე წუთზე უსმან კამარამ აღადგინა, ხოლო მალევე ვანდერსონ სილვამ დემჩენკოს გუნდი წინ გაიყვანა.
მატჩის ბოლოს დილას კიდევ ერთი გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ ირაკლი ბუღრიძის დარტყმა კარს მცირე მანძილით ასცდა. ორი მატჩის ჯამში ჟილინამ 6:3 იმარჯვა და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურიც სლოვაკებმა მოიპოვეს, დილა კი ევროსარბიელს დაემშვიდობა.





