დინამო ბათუმმა კონფერენსლიგაზე სადებიუტო შეხვედრა ტრე პენეს ძალიან იოლად მოუგო. გია გეგუჩაძის გუნდი წყვილში აშკარა ფავორიტად მიიჩნეოდა და მოლოდინიც სრულად გაამართლა.
მე-8 წუთზე ბათუმელთა კომბინაცია გიორგი ფანცულაიამ ახლო მანძილიდან ზუსტი დარტყმით დაასრულა, ორ წუთში კი უპირატესობა ორამდე გაიზარდა: სანმარინოელებს ამჯერად ვლადიმერ მამუჩაშვილმა გაუტანა. ჯაბა ჯიღაურმა საგოლე პასების მერე თვითონაც გაიტანა, მე-19 წუთზე ზღვისპირელებმა სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს.
დინამო ბათუმმა ამის შემდეგ ენერგიის დაზოგვაზე ფიქრი დაიწყო, რაც ლოგიკური და ბუნებრივია. გია გეგუჩაძის შეგირდებმა ტაიმი 3:0 მოიგეს.
მე-2 ტაიმი დინამო ბათუმმა ცვლილებებით დაიწყო. შესვენებაზე გია გეგუჩაძემ გიორგი ფანცულაია, ჯაბა ჯიღაური და სანდრო ალთუნაშვილი შეცვალა. ბათუმელებმა ტრე პენეს მეორე ნახევარშიც გაუტანეს. 58-ე წუთზე თავი გიორგი ზარიამ გამოიჩინა და სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა. დარჩენილ დროში ბათუმელებს საგოლე მომენტები კიდევ ჰქონდათ, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და თამაში 4:0 მოიგო.
დინამო ბათუმი ტრე პენეს ზუსტად ერთ კვირაში, 15 ივლისს, ბათუმში უმასპინძლებს.





