შოთა არველაძეს უქმად ყოფნა გაუგრძელდა. 48 წლის ქართველი მწვრთნელი ტაშკენტის „ფახთაქორიდან“ წამოსვლის შემდეგ აგერ უკვე რა ხანია დაუსაქმებელია.
ალბათ შეხსენება საჭირო არ უნდა იყოს, რომ შოთა არველაძემ უზბეკეთში 3 წლიანი მუშაობის პერიოდში გუნდთან ერთად ქვეყნის მასშტაბით ყველაფერი მოიგო და ტაშკენტიდანაც ვალმოხდილი წამოვიდა.
როგორც ჩანს, „ფახთაქორში“ შოთა არველაძის დაბრუნებაზე ისევ ფიქრობენ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
უზბეკური სპორტული გამოცემების თქმით, ქართველ სპეციალისტს თვით ტაშკენტის მერმა დაურეკა და უკან დაბრუნება შესთავაზა, თუმცა არველაძისგან თავაზიანი უარი მიიღო.
ტაშკენტის „ფახთაქორში“ შოთა არველაძე 2017 წელს მივიდა და 5 ტიტულიც მოიგო. გუნდში მასთან ერთად ტყუპისცალი არჩილ არველაძე და გოჩა ტყებუჩავა მუშაობდნენ.





