ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. დამატებითი დროის 110-ე წუთზე კი გიორგი ქვილითაიამ გაიტანა და თავის გუნდს ტიტული მოუპოვა.
ეს ყველაფერი კვიპროსის თასის ფინალში მოხდა, სადაც თემურ ქეცბაიას გაწრთვნილმა „ანართოსისმა“ „ოლიმპიაკოსი“ დაამარცხა და როგორც უკვე ვთქვით, მატჩის გმირი გიორგი ქვილითაია გახდა.
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა მატჩის შემდეგ მედიასთან შემდეგი კომენტარი გააკეთა.
„ახლა ზეიმის დროა და მომავალზე საუბარი არ მსურს. ამ საკითხზე მოგვიანებით ვიფიქრებ.
ჩვენმა ქომაგებმა ეს გამარჯვება და სიხარული ნამდვილად დაიმსახურეს. მაქსიმუმი გავიღეთ, რათა ეს უმნიშვნელოვანესი მატჩი მოგვეგო.
რთული პერიოდი მქონდა, რადგან ბოლო ხანს სათანადოდ კარგად ვერ ვთამაშობდი. საერთოდ არ მაინტერესებს ვინ დასახელდება მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად. მთავარია, რომ ტიტული მოვიპოვეთ და გულშემატკივრები გავახარეთ“.
შეგახსენებთ, გიორგი ქვილითაია ბელგიური „გენტის“ საკუთრებაა და კვიპროსულ „ანართოსისში“ ერთი წლით იჯარის წესით თამაშობდა.





