ორი დინამოს დერბიში, ბათუმში წაგებული უპრინციპულესი დაპირისპირების შემდეგ, გიორგი ნემსაძის გუნდს ხასიათის გამოკეთება და რეაბილიტაცია სჭირდებოდა, რაც ალბათ გადაჭარბებული დოზითაც მიიღო.
რამდენიმე დღის წინ თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი, არც ისე შორეულ წარსულში ქართული ფეხბურთის ფლაგმანის და ეროვნული ნაკრების კაპიტანი გიორგი ნემსაძე იუბილარი გახლდათ. ის 49 წლის გახდა და შეგირდებმაც მშვენიერი საჩუქარი გაუკეთეს – 3 ქულა.
ბათუმში წაგებული მატჩის შემდეგ, ეროვნული ლიგის მე-13 ტურის შეხვედრაში „დინამო“ ნომინალური სტუმრის რანგში თანაქალაქელ „საბურთალოს“ დაუპირისპირდა და მეტოქეს თავბედიც აწყევლინა. მატჩის მიმდინარეობისას დინამოელთა უპირატესობა იმდენად თვალსაჩინო იყო, რომ მხოლოდ ის იყო დასადგენი ნემსაძის გუნდი რა ანგარიშით მოიგებდა.
ყველაფერი პირველ ტაიმში გაირკვა, როდესაც ზორან მარუშიჩმა დუბლი გაიფორმა, ხოლო თორნიკე ახვლედიანმა საბურთალოელებს კიდევ დაუმატა და ანგარიში 3:0 გახდა, ხოლო მეტოქის ტანჯვას კი წერტილი მატჩის მიწურულს გიორგი გაბედავამ დაუსვა – 4:0.
„„საბურთალომ“ მთავარ მწვრთნელად ხვიჩა შუბითიძის მოსვლის შემდეგ პირველად წააგო.
„დინამომ“ ამ გამარჯვებით 28 ქულა მოაგროვა და „ბათუმს“ გაუთანაბრდა, „საბურთალო“ კი 21 ქულით მე-4 ადგილზეა.








