მანჩესტერ იუნაიტედმა ლივერპულის წინააღმდეგ პრემიერ ლიგის 34-ე ტურის მატჩის გადადებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
თამაში სხვა დღეს გაიმართება იმის გამო, რომ გულშემატკივრებმა ოლდ ტრაფორდის სტადიონზე და მის გარშემო, კლუბის მფლობელი გლეიზერის ოჯახის წინააღმდეგ პროტესტი გამოხატეს.
„გუშინდელ მოვლენებს დავუბრუნდით, ბევრ გულშემატკივარს სურდა პროტესტის გამოხატვისა და პოზიციის მშვიდობიანად გამოხატვის უფლება, მაგრამ ზოგიერთები აპირებდნენ გუნდის მომზადებისა და თამაშის ჩაშლას, რასაც მათი მოქმედება Lowry Hotel-სა და სტადიონზე მოწმობს.
სოციალურ ქსელებსა და მედიაში ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომიტინგეებმა შეძლეს სტადიონზე და მინდორზე შესვლა იმ კარიბჭეებიდან, რომლებიც კლუბის თანამშრომლებმა გახსნეს, სიმართლეს აბსოლუტურად არ შეესაბამება.
მათ სტადიონის წინ ღობეები და უსაფრთხოების საგუშაგოები გაარღვიეს, ზოგიერთი მომიტინგე ჭიშკარს გადაახტა და ტრიბუნაზე გვერდითი კარი გახსნა, რითაც სხვებს გაზონზე შესვლის საშუალება მისცეს.
მეორე გასასვლელი მას შემდეგ გაიხსნა, რაც მომიტინგეებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ლიფტის კარი ჩამოაგდეს.
ჩვენი გულშემატკივრების უმეტესობა გმობს მიყენებულ ზარალს, ასევე კლუბის თანამშრომლების, პოლიციის ან სხვა გულშემატკივრების მიმართ განხორციელებულ ნებისმიერ ძალადობას, ახლა კი ფაქტს პოლიცია იძიებს.
კლუბს არ სურს მშვიდობიანი მომიტინგეების დასჯა, მაგრამ პოლიციასთან ერთად იმუშავებს დანაშაულებრივ საქმიანობაში მონაწილე პირების გამოსავლენად.
კლუბი ასევე გამოიყენებს საკუთარ სანქციებს ნებისმიერი იდენტიფიცირებული ფანების დაჯგუფების წევრის ან აბონემენტის მფლობელის მიმართ,”- ნათქვამია იუნაიტედის განცხადებაში.





