ორი აუტსაიდერის ჯახში უკეთესი იმერლები გამოდგნენ. ეროვნული ლიგის მეათე ტურში, „სამტრედიამ“ შინაურ კედლებში „თელავი“ მიიღო და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა.
გია ცეცაძის შეგირდებმა კახელებს დაძაბულ ბრძოლაში 2:1 აჯობეს და ოდნავ მოფერიანდნენ. მართალია, სამტრედიელები ჯერ კიდევ გასავარდნ ზონაში იმყოფებიან, თუმცა თელაველებს ადგილი გაუცვალეს, 7 ქულით ერთი საფეხურით მაღლა აინაცვლეს და მე-8 ადგილზე დამკვიდრდნენ.
შეიძლება ითქვას, რომ „სამტრედიამ“ თელაველებს საქმე პირველ 45 წუთში მოუმთავრა, როდესაც ჯერ თავი ბრაზილიელმა ლეგიონერმა ნათან ჯუნიორმა გამოიჩინა, ხოლო შემდეგ ავტოგოლი სტუმართა რიგებიდან ბერიაშვილმა მიითვალა. 2:0 უკვე სოლიდური უპირატესობა გახლდათ.
მეორე ნახევარში თელაველები გააქტიურნენ, რასაც შოთა შეყილაძის გოლიც მოჰყვა, თუმცა ეს იყო და ეს. სტუმრებმა მეტის გაკეთება ვეღარ შეძლეს, ხოლო ტაიმის მიწურულს საერთოდან კაცნაკლულნი დარჩნენ, როდესაც არბიტრმა მოედნიდან ლაშა შერგელაშვილი გააძევა.
თელავი პირველი ტურის შემდეგ ისევ ვერ იგებს და 6 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება. საგულისხმოა, რომ ის გამარჯვებაც კახელებმა სწორედ „სამტრედიასთან“ იზეიმეს. ასე რომ, იმერლებმა ყველაფერთან ერთად სრულფასოვანი რევანშიც აიღეს.





