იყო პერიოდი, როდესაც შესარჩევი ეტაპის მატჩების კალენდარს უშუალოდ ჯგუფში თავმოყრილი გუნდების მწვრთნელები თუ ფედერაციის წარმომადგენლები ადგენდნენ, მაგრამ ისეც მომხდარა, რომ ვერ შეთანხმებულან და შემდეგ საქმეში ფიფა-უეფა ჩარეულა.
ეს მეთოდი დიდი ხანია აღარ მოქმედებს. ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, თამაშების თარიღს და განრიგს უეფა ან ფიფა საზღვრავს, იმის მიხედვით ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპია თუ მუნდიალის.
ასე მოხდა ამჯერადაც. 7 დეკემბრის წილისყრის შემდეგ, ფიფამ ყველა ჯგუფის კალენდარზეც მალევე იზრუნა და განრიგიც ჩამოაწიკწიკა. ჩვენ ინტერესს ბუნებრივია B ჯგუფი იწვევს, სადაც საქართველოს ნაკრებს რთული დაპირისპირებები ელის.
ჯვაროსნები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს 25 მარტს შვედეთთან გასვლითი მატჩით დაიწყებენ და 11 ნოემბერს იმავე სკანდინავიელებთან თბილისური დაპირისპირებით დაასრულებენ. რაც შეეხება ესპანეთთან ჯახს, ლუის ენრიკეს შეგირდები საქართველოს დედაქალაქში 28 მარტს ჩამოვლენ, ხოლო ჩვენი გუნდი „ფურია როხას“ სტუმრად 5 სექტემბერს შეხვდება.
სრული განრიგი კი ასე გამოიყურება:
25 მარტი: შვედეთი-საქართველო
28 მარტი: საქართველო-ესპანეთი
31 მარტი: საბერძნეთი-საქართველო
2 სექტემბერი: საქართველო-კოსოვო
5 სექტემბერი: ესპანეთი-საქართველო
9 ოქტომბერი: საქართველო-საბერძნეთი
12 ოქტომბერი: კოსოვო-საქართველო
11 ნოემბერი: საქართველო-შვედეთი








