რა ხანია, ჰარი კეინს „ტოტენჰემის“ დატოვებას და სხვა რომელიმე ევროპულ გრანდში გადასვლას უწინასწარმეტყველებენ. იყო დიდი შანსი, ინგლისელ ფორვარდს ლონდონურ გუნდში არც ეს სეზონი დაეწყო, მაგრამ კეინმა „დეზებს“ არ უღალატა და დარჩენა ამჯობინა.
ახლა კი ვითარება სხვაგვარადაა. დიდად, არც ჰარი კეინს ხიბლავს „ტოტენჰემში“ ყოფნა და გაცილებით ძლიერ გუნდში თამაშის ამბიციები ამოძრავებს. კაცმა რომ თქვას არც გაემტყუნება.
პოპულარული უცხოური გამოცემები კეინის სამომავლო გეგმებს კვლავ აქტიურად განიხილავენ. ბრიტანული მედიის მტკიცებით, 27 წლის ფორვარდს „ტოტენჰემის“ დატოვება სურს, თუმცა პრემიერლიგას მაინც ვერ ელევა და „მანჩესტერ იუნაიტედში“ ან „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლისკენ უჭირავს თვალიო.
აქტუალურია „პსჟ“-ს ვარიანტიც. როგორც ამბობენ, დიდია იმის ალბათობა, რომ პარიზული გრანდი კილიან მბაპემ დატოვოს და ასეთ შემთხვევაში ფრანგი შემტევის შემცვლელად სწორედ კეინს მოაზრებენო.
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ეჭვგარეშეა, რომ ცხელი საზაფხულო სატრანსფერო ამბები გველის.





