1990 წლის გაზაფხულზე მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორებმა, რომელსაც იტალიამ უმასპინძლა, გუნდებისთვის ვიდეო პრეზენტაციები გადაიღეს. მოთამაშეებს თავიანთი სახელი და გვარი უნდა ეთქვათ კამერების წინ. რასაკვირველია, იმ პერიოდისთვის ამ უჩვეულო წამოწყებაში ყველა მონაწილე ნაკრები ჩაერთო. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა, სანამ ინგლისელთა ბანაკში ჯერი გიჟმაჟ „გაზაზე“ არ მიდგა.
„აბეზარი ანანისტი“ – მშვიდად წარადგინა პოლ გასკოინმა საკუთარი თავი. იმ დროში ტექნოლოგია ისე არ იყო განვითარებული, რომ ჩანაწერი გადაეკეთებინათ, ამოჭრაც ვერ გადაწყვიტეს, რადგან ნაკრების მთავარი ვარსკვლავის გარეშე ვიდეო წარდგენა არ ივარგებდა. ასე, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მთელი ბრიტანეთის მასშტაბით გადაიცემოდა პოლის „წარსადგენი სიტყვა“.

ეს გასკოინისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, და სწორედ ასე დაიწყო ინგლისის ნაკრების თავგადასავლებით სავსე მოგზაურობა იტალია 90-ზე.
იტალიის მუნდიალზე მონაწილე ინგლისის ნაკრების შემადგელობა ერთ-ერთ უძლიერესად არის აღიარებული ამ ქვეყნის ფეხბურთის ისტორიაში. გარი ლინეკერი, პოლ გასკოინი, ტერი ბატჩერსი, სტიუარტ პირსი – ამ შესანიშნავ ფეხბურთელებს თამაშის გარდა გართობაც ძალიან უყვარდათ. ამიტომაც, აპენინებზე ინგლისის ნაკრები პერმანენტული გართობის რეჟიმში იყო, რის მოთოკვასაც გამუდმებით ცდილობდა მთავარი მწვრთნელი ბობი რობსონი, თუმცა ხშირ შემთხვევებში უშედეგოდ.

უსიამოვნებები ჯგუფური ეტაპის სტარტზევე, ირლანდიელებთან მატჩის დროს დაიწყო. პირველ ტაიმში ლინეკერი მუცლის ტკივილმა შეაწუხა და მთელი შესვენება საპირფარეშოში გაატარა. ამან მას ვერ უშველა. ტკივილმა მეორე ტაიმშიც შეახსენა თავი და სხვა გამოსავალი არ იყო – პირდაპირ შუა მოედანზე „მოისაქმა“. „წვიმდა, მოედანზე გუბეები და ტალახი იდგა, ამიტომაც მივეცი თავს უფლება ასე მოვქცეულიყავი“, – იხსენებს ამ უხერხულ მომენტს ლეგენდარული ფორვარდი. ეს და მომდევნო შეხვედრაც ფრედ დასრულდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ფეხბურთელებისთვის, სარდინიაზე დიდი წვეულება მოეწყოთ.
როგორც კი რობსონმა ეს შეიტყო, უმალვე პოლიცია გამოიძახა. ლინეკერმა, კრის უოდლმა და ბრაიან რობსონმა თავი ლინეკერის ნომერს შეაფარეს.
ლინეკერი საწოლში ჩახტა, ხოლო ბრაიან რობსონი მის იქიდან გადმოგდებას ცდილობდა, თან უყვიროდა: „ადექი, ლოთო, გამოგიჭირე“. რობსონმა საწოლი ასწია, შემდეგ ხელიდან გაუვარდა და ფეხის თითი დაიზიანა.

სისხლის დანახვამ ფეხბურთელები გამოაფხიზლა, თუმცა უკვე გვიანი იყო – თითი იმდენად იყო დაზიანებული, რომ ყველასთვის ცხადი გახდა: ბრაიან რობსონისთვის ჩემპიონატი დასრულდა. ჟურნალისტებთან, რა თქმა უნდა, ყველაფერი სხვაგვარად თქვეს – თითქოს ის ვარჯიშზე დაზიანდა.
წესით, ასეთ დანაკარგს უნდა დაეშოშმინებინა გართობის მოყვარული და ფათერაკის მაძიებელი ფეხბურთელები, მაგრამ „გაზას“ ასე ადვილად ვინ დააშოშმინებდა. მან მეორე დღეს აუზზე სირბილში გაჯიბრება დაიწყო, დავარდა და ფეხის თითი დაიზიანა, თავდაპირველად მოტეხილობა ეგონათ და საბრალო ბობი რობსონმა ცოფები ყარა: „თქვენი უაზრო გართობებისა და წყეული ფეხის თითების გამო, ნახევარმცველების გარეშე დავრჩი“. საბედნიეროდ მცირედი დაჟეჟილობა აღმოჩნდა და ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ეგვიპტესთან, გასკოინი სათამაშოდ მზად იყო.
![]()
მოედანს მიღმა კი პოლ გასკოინის მისი პირველი სამიზნე ალკოჰოლი გახლდათ. რასაკვირველია, ამას, სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ბობი რობსონი, თუმცა აქაც დიდად ვერაფერს გახდა.
ასეთი შეშლილი ატმოსფეროს მიუხედავად ინგლისის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი დაძლია და მერვედფინალში ბელგიის ნაკრებს გადაეყარა. დაძაბული შეხვედრის 119-ე წუთზე, როცა ყველა პენალტების სერიის მოლოდინში იყო, სულელურად დაშავებული ბრაიან რობსონის მაგივრად მოთამაშე დევიდ პლატმა გაიტანა და თავისიანებს მოაგებინა.
მეოთხედფინალში კი რობსონის გუნდს ჩემპიონატის აღმოჩენა, კამერუნის ნაკრები ელოდა. რუსი მწვრთნელის თავკაცობით „მოუთვინიერებელმა ლომებმა“ მოულოდნელობების მთელი რიგი გამოაცხვეს და ახლა მორიგი სენსაციის შექმნის იმედით უპირისპირდებოდნენ ფეხბურთის სამშობლოს ნაკრებს. აფრიკელთა მთავარი კოზირი წარმოუდგენელი ფიზიკური სიმძლავრე გახლდათ, რამაც გააოცა კიდეც ინგლისელები.
„ისინი ძალიან დიდები იყვნენ. მახსოვს, როგორ ველოდით მინდორზე მათ გამოჩენას. აფრიკელები კი აგვიანებდნენ. ბატჩერი ილანძღებოდა და კედელს თავს ურტყამდა. წარმოუდგენელი ატმოსფერო სუფევდა. წარმოიდგინეთ, გვირაბში ველოდებით მეტოქეს, ის კი არ ჩანს უეცრად გუგუნი მოგვესმა და ჩვენ წინ ახმახთა მთელი არმია წარსდგა. მოედანზე კი მათ არც ჩვენი ხისტი მანერების და ტექნიკური შესაძლებლობების არ ეშინოდათ. გაოცებული ვუყურებდით მათ – იხსენებს ნახევარმცველი ჯონ ბარნსი.
თუმცა ათლეტური მონაცემები არ იყო კამერუნელთა ერთადერთი უპირატესობა. ისინი მეთვალყურეებს აგზავნიდნენ მეტოქეთა ვარჯიშებზე. როცა ვარჯიშზე ლინეკერი პენალტების დარტყმაში ვარჯიშობდა, მასთან ბობი რობსონი მივიდა: „დაფიქრდი, როგორ შეასრულებ დარტყმას. კამერუნელებმა ჯაშუშები მოგვიგზავნეს“.
ლინეკერმა ტაქტიკა შეცვალა. წინასწარ განზრახული მეკარისგან მარცხენა კუთხეში განსახორციელებელი 40 დარტყმა, მან 10-ჯერ საპირისპირო კუთხეში შეასრულა. მატჩი მართლაც უმძიმესი გამოდგა: 82-ე წუთისთვის ბრიტანელები 1:2-ს მარცხდებოდნენ, როცა მათ სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა. ლინეკერმა დარტყმა მისთვის ჩვეულ – მეკარისგან მარცხენა კუთხეში შეასრულა.
„არ ვიცი, აფრიკელებმა მართლა მოაგზავნეს თუ არა მზვერავები, თუმცა დარტყმის წინ მეკარე მართლა მარჯვენა მხარეს იხრებოდა“, – იხსენებს ფორვარდი. დამატებით დროში ინგლისელთა სასარგებლოდ კვლავ პენალტი დაინიშნა. ლინეკერმა მიმართულება არ შეცვალა და კვლავ გაიტანა.
საფინალო სასტვენის შემდეგ რობსონი ლინეკერთან მივარდა და უყვიროდა: „ხომ გეუბნებოდი, ხომ გეუბნებოდი“.

ინგლისი 24 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად გავიდა ასე შორს. მათ წინ კი მეტად სერიოზული გამოცდა ელოდათ გერმანიის ნაკრების სახით. თუმცა არც ასეთ დროს კარგავდნენ ინგლისელები დროს უქმად და ხუმრობისთვის მაინც იცლიდნენ.
ბობი რობსონს თავისებური ჩვევა ჰქონდა – თითქმის ყოველი მატჩისწინა განხილვაზე მეტოქე ქვეყანასთან ინგლისელთა გადახდილ ომზე საუბრობდა. არგენტინელებთან ფოლკლენდის ომს იხსენებდა, გერმანელებთან მატჩის წინ – მეორე მსოფლიო ომს.
ფეხბურთელები სხვადასხვანაირად უდგებოდნენ რობსონის დამოკიდებულებას. ლინეკერი ხუმრობდა, რომ მისი მითითებები უინსტონ ჩერჩილის გამოსვლას აგონებდა. აი, მცველ ბატჩერს ბობის გამოსვლა აღაფრთოვანებდა – მისთვის განსაკუთრებული მომენტებისას კედლისთვის თავის მირტყა და ყიჟინა უყვარდა. დანარჩენები მასთან არ კამათობდნენ – არავის სურდა მკერდში ბატჩერის თავი მოხვედროდა.
გერმანისთან ძირითადი დროის დასრულებამდე გასკოინმა ყვითელი ბარათი მიიღო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ინგლისის გამარჯვების შემთხვევაში ის ფინალს გამოტოვებდა: „ყველაფერი წამიერად გავიაზრე და თვალებიდან ცრემლები წამომცვივდა“.
საბოლოოდ ყველაფერი პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც გამარჯვებულის ბედი უდლისა და პირსის გაფუჭებულმა პენალტებმა გადაწყვიტეს.
დრამატული შეხვედრის შემდეგ „გაზა“ მინდორზე უღონოდ გაიშხლართა და ატირდა. რომელიღაც ფოტოგრაფმა მისი გადაღება მოასწრო, და ამ სურათმა წარმოუდგენელი პოპულარობა მოიპოვა, რომელმაც გასკოინი საბოლოოდ შეაყვარა სრულიად ინგლისს.

„ვტიროდი, რადგან მსოფლიო თასი ჩვენთვის დასრულებული იყო. დასრულდა ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო ექვსი კვირა. შინ წასვლა არ მინდოდა. მინდოდა ჩემს ბიჭებთან ერთად მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე მსოფლიო ჩემპიონატზე მეთამაშა“, – იხსენებს პოლ გასკოინი.
მესამე ადგილისთვის მატჩში კი „ნებაყოფლობითი“ მარცხი შედგა – მასპინძელი იტალია გაცილებით აღმაფრენით თამაშობდა და ეს არც არავის გაკვირვებია. მთელი მატჩის მიმდინარეობისას იგრძნობოდა, რომ ისინი ჯერ კიდევ ნახევარფინალში მარცხზე ფიქრობდნენ.
შინისკენ მიმავალ გზაზე გუნდმა გასამხნევებლად სიმღერა შემოსძახა, რასაც ეროვნული ჰიმნიც მოჰყვა. ამან, ოდნავ გაფანტა დაძაბული ატმოსფერო – მოთამაშეებმა შეიგრძნეს, რომ კარგი ტურნირი ჩაატარეს და შინ დაბრუნების არ უნდა შერცხვენოდათ.
როგორც მოსალოდნელი იყო გუნდს გმირებივით დახვდნენ. „ლუტონში ჩავფრინდით. ეს ნამდვილი საოცრება იყო. ასი ათასი ადამიანი მოვიდა ჩვენს დასახვედრად. შემზარავი ხმაური იყო. ხალხი ერთდროულად მღეროდა და ყვიროდა. ისინი ჩემს სახელს სკანდირებდნენ“, – იხსენებს პოლ გასკოინი.

წარმატებული პირველობის შემდეგ, რასაც მთელი ინგლისი ძალიან დიდხანს ელოდა, ქვეყანას იმედი ჰქონდა, რომ ამ ნაკრებს ყველაფერი ჯერ კიდევ წინ ჰქონდა. რასაკვირველია, არავინ იცოდა, თუ რა იქნებოდა მომავალში. თუმცა, ქვეყანაში, ვერავის დაარწმუნებდი, რომ გარი ლინეკერმა და პოლ გასკოინმა უკანასკნელად ითამაშეს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომ ნახევარფინალში პენალტების სერიაში წაგება ნავსიანი პერიოდის დასაწყისი იყო, რომ მუნდიალზე ნახევარფინალში მომდევნო გასვლას კიდევ უფრო დიდხანს, 28 წელი დაელოდებოდნენ.
2018 მსოფლიო ჩემპიონატამდე, ინგლისის ნაკრებმა, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მატჩის შემდგომი პენალტების ხუთი სერიიდან ვერცერთის მოგება ვერ შეძლო.








