ერლინგ ჰალანდი – თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ფორვარდია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ 21-ე საუკუნეში დაბადებული ნორვეგიელი ფეხბურთელი უკვე არის ვარსკვლავი, რომლის ხელში ჩაგდებაც არაერთ ევროპულ გრანდს მოუწადინებია.
ეჭვგარეშეა, რომ დორტმუნდის „ბორუსიას“ , ვისთანაც ჰალანდს კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, მისი შენარჩუნება ძალზედ გაუჭირდება. დიდი ალბათობით ნორვეგიელი შემტევი დორტმუნდელებს ამ ზაფხულს დატოვებს და რომელიმე ტოპ გუნდს მიაშურებს.
ამასობაში კი ერლინგ ჰალანდის აგენტს, საქვეყნოდ ცნობილ მინო რაიოლას სასწაულის გაკეთება აქვს ჩაფიქრებული. მას სურს, უნიჭიერესი ფორვარდი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქციოს. საუბარია კვირაში 1,1 მილიონ ევროზე. დაგვეთანხმებით, რომ მართლაც სიგიჟეს ჰგავს, თუმცა დღევანდელი საფეხბურთო სამყაროს რეალობაში უტოპიურადაც არ მოჩანს.
მინო რაიოლას ეს განზრახვა ალბათ ბევრ გუნდს დააფრთხობს, მაგრამ არა „მანჩესტერ სიტის“, „რეალს“ და „პსჟ“-ს. სამივე გრანდი მიზნის მისაღწევად ძალ-ღონეს არ დაიშურებს.
შეგახსენებთ, 1 აპრილს, რაიოლა და უფროსი ჰალანდი ანუ ფეხბურთელის მამა ბარსელონაში ჩაფრინდნენ და „ბლაუგრანას“ პრეზიდენტს ჟოან ლაპორტას შეხვდნენ, იქიდან კი მადრიდისკენ აიღეს გეზი და ფლორენტინო პერესთან ისაუბრეს.





