თურქეთის სუპერ ლიგის 33-ე ტურში ქართველი ფეხბურთელების კლუბების დუელი შედგა. ლევან შენგელიას „ქონიასპორი“ საკუთარ მოედანზე საბა ლობჟანიძის „ანკარაგუჯუს“ შეხვდა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
შეხვედრაში ორივე ფეხბურთელი სათადარიგო სკამიდან ჩაერთო, თუმცა შენგელიასგან განსხვავებით, საბას საკმაოდ მიზერული დრო მიეცა.
შენგელია მოედანზე 63-ე წუთზე შემოვიდა, როდესაც მისი გუნდი 0:1 აგებდა და „ქონიასპორმა“ მატჩის გადარჩენა სწორედ ქართველი ფეხბურთელის გოლით შეძლო. 25 წლის შენგელიამ წონასწორობა 73-ე წუთზე აღადგინა და საკუთარ გუნდს ქულა მოუტანა.
რაც შეეხება საბა ლობჟანიძეს, ქართველი შემტევი მოედანზე 89-ე წუთზე გამოჩნდა, თუმცა მნიშვნელოვანი ვერაფერი შემოგვთავაზა.
33 ტურის შემდეგ, „ქონიასპორი“ სატურნირო ცხრილში 40 ქულით მე-11 ადგილს იკავებს, „ანკარაგუჯუ“ კი 33 ქულით მე-15 პოზიციაზე იმყოფება.







