სერია ა-ს იმ გუნდებიდან, რომლებსაც ქართულმა თუ უცხოურმა მედიამ 19 წლის ტალანტის ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი დაუკავშირა ერთ-ერთი „ნაპოლი“ გახლავთ. ნეაპოლიტანელებს, რომ გენარო გატუზო წრთვნის ფეხბურთის გულშემატკივარს მშვენივრად მოეხსენება.
წრთვნისო ვთქვით და დიდხანს გაგრძელდება თუ არა გატუზოს ნეაპოლიტანური საქმიანობა ძნელი სათქმელია. იტალიურ პრესაში გაჩნდა ცნობები, რომ გენაროს წყალი შეუდგაო. გაიჟღერა კონკრეტულმა გვარებმაც, რომლებიც მის შემცვლელად მოიაზრებიან. უფრო მეტიც – იტალიელი კოლეგების მტკიცებით, „ნაპოლის“ პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს რაფაელ ბენიტესთან და მაურიციო სარისთან კომუნიკაცია უკვე ჰქონდაო. შეგახსენებთ, ერთიც და მეორეც „ნაპოლის“ აქამდეც წრთვნიდა და მათთვის იქაური გარემო უცხო არ არის.
ამასობაში, ცოტა გულდაწყვეტილია თავად ჯენარო გატუზო. „გუნდის პრეზიდენტთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. ჩვენ შორის დაძაბულობა არასდროს იყო, მაგრამ ბოლო დროს მომხდარი ფაქტების გამო ცოტა არ იყოს იმედგაცრუებული ვარ“ – ამბობს იტალიელი სპეციალისტი.
მიმდინარე სეზონში „ნაპოლი“ 37 ქულით მე-5 ადგილზეა. გუნდის მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრაა.





