საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკასთან პირველ ტესტ-მატჩამდე ბოლო პრესკონფერენცია გამართა.
ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის განცხადებით, ხვალინდელ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები საუკეთესო შესაძლებლობების მაქსიმალურად გამომჟღავნებას ეცდება:
„მსოფლიოს ჩემპიონთან თამაში ჩვენთვის დიდი შესაძლებლობაა და ვაფასებთ ამ გამოწვევას. გავეცანი სამხრეთ აფრიკის რაგბის დირექტორის, რასი ერასმუსის, მთავარი მწვრთნელის – ჟაკ ნიენაბერისა და მოთამაშეების კომენტარებს. სასიამოვნოა, რომ მეტოქე გვაფასებს და თამაშს სრული სერიოზულობით ეკიდება. ის ფაქტი, რომ მათ შემადგენლობაში 18 მსოფლიოს ჩემპიონია, ჩვენს მოტივაციას აასმაგებს. ეს არის შანსი, რომ გამოვცადოთ საკუთარი შესაძლებლობები მსოფლიოს უძლიერესი გუნდის წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ ჩვენი ბიჭები ამ გამოწვევას ღირსეულად მიიღებენ, მაქსიმუმს გაიღებენ და მოედანს თავაწეულები დატოვებენ.
ვეცდებით კარგი თამაში ვაჩვენოთ, განსაკუთრებით იმ კომპონენტში, სადაც სამხრეთ აფრიკა განსაკუთრებით ძლიერია. ველოდებით ძალისმიერ თამაშს და მეტოქეც ამის მოლოდინშია. ჩვენც გვაქვს პრეტენზია, რომ კონტაქტის არეალში არავისზე ნაკლებები ვართ და გვაინტერესებს ვნახოთ, როგორ გავუძლებთ ამ გამოწვევას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ იქნება გახსნილი და ღია თამაში. აფრიკელებს სწრაფი, მორკინალებზე არანაკლებ საშიში ხაზის მოთამაშეები ყავთ“, – განაცხადა მაისაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ხვალ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ტესტ-მატჩში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, სამხრეთ აფრიკის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.








