ეროვნული ლიგის მე-20 ტურში ბათუმის “დინამომ” ქობულეთის “შუქურას” უმასპინძლა და ამ სეზონში პირველ მარცხთან ახლოს იყო, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ბათუმელებს ქულა გიორგი ზარიამ გადაურჩინა.
პირველ ტაიმში სათამაშო უპირატესობა ბათუმელთა მხარეს იყო და კარგადაც უტევდნენ მეტოქეს, მაგრამ 27-ე წუთზე ქობულეთელები დაწინაურდნენ მიშიკო სარდალიშვილმა ლაზარე კუპატაძესთან პირისპირ დარჩენილმა ანგარიშის გახსნა მოახერხა.
ქობულეთელთა გოლის შემდეგ გია გეგუჩაძის გუნდი გამოფხიზლდა და ტაიმის ბოლოს წონასწორობაც აღადგინა. გიორგი ფანცულაიამ აკრობატულ ნახტომში გაიტანა.
მე-2 ტაიმში ბათუმის “დინამომ” ვეღარ მოახერხა მეტქოქისთვის მწვავე იერიშების შექმნა. 63-ე წუთზე კი გიორგი შაშიაშვილის გუნდი კიდევ ერთხელ დაწინაურდა. ბექა ვარშანიძემ შორი მანძილიდან დაარტყა, ბურთი ჯერ გიული მანჯგალაძეს მოხვდა, შემდეგ ხარიხას და ბოლოს ლაზარე კუპატაძეს, რის შედეგადაც ბურთი კარში აღმოჩნდა და შუქურა აჭარულ დერბში დაწინაურდა.
ყველაფერი დასრულებული ჩანდა და ბათუმელები მარცხდებოდნენ , მაგრამ გიორგი ზარიამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-2 წუთზე საჯარიმო დარტყმა შესანიშნავად შეასრულა და წონასწორობა აღადგინა. დარჩენილ დროში დინამო ბათუმს მოგებაც შეეძლო, მაგრამ ბათუმელებმა გატანა ვერ შეძლეს და მატჩიც ფრედ 2:2 დასრულდა.
ქობულეთის “შუქურას” 17 ქულა აქვს და ეროვნულ ლიგაში მე-9 პოზიციაზეა. ბათუმის დინამოს კი სატურნირო ცხრილში 40 ქულა დაუგროვდა და მე-2 პოზიციაზე გადაინაცვლა.
მომდევნო ტურში, 1 ივლისს ბათუმის “დინამო” სტუმრად თბილისის “დინამოს” შეხვდება, “შუქურა” კი 2 ივლისს, “სამტრედიას” უმასპინძლებს.





