მისი უდიდებულესობა ჩემპიონთა ლიგა 1/4 ფინალური ეტაპით დაბრუნდა, რომელიც მადრიდსა და მანჩესტერში გაიხსნა.
მადრიდის „რეალმა“ დიდებული მატჩი გამართა და „ლივერპულს“ პატარა საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა. სამეფო გუნდმა მერსისაიდელები საკუთარ მოედანზე 3:1 დაამარცხა.
მადრიდელთაგან გოლები ვინისიუსმა, ვინაც დუბლი გაიფორმა და ასენსაომ გაიტანეს, ხოლო იურგენ კლოპის შეგირდთაგან თავი მოჰამედ სალაჰმა გამოიჩინა.
მატჩის შემდეგ კმაყოფილი იყო ზინედინ ზიდანი, თუმცა მაინც ფრთხილობდა, რადგან წინ განმეორებითი დაპირისპირებაა.
„მეორე ტაიმში მეტოქემ კარში პირველად დაარტყა და გოლიც გაიტანა. ეს სასიამოვნო ნამდვილად არ იყო, მაგრამ ასეთია ფეხბურთი.
საერთო ჯამში ჩემი ბიჭებით და მოედანზე გაწეული სამუშაოთი კმაყოფილი ვარ. ვამაყობ თითოეული ფეხბურთელით, თუმცა არც ის დავივიწყოთ, რომ წინ განმეორებითი მატჩია.
შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ და ბუნებრივია ამით ბედნიერი ვარ. მიხარია, რომ ვინისიუსმა თავი გამოიჩინა. მას ეს გოლები თვითრწმენას შეჰმატებს.
განმეორებითი მატჩისთვის მეტი კონცენტრაცია გვმართებს, მაგრამ მანამდე წინ ბარსელონასთან კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება გველის“ – აღნიშნა ზინედინ ზიდანმა.





