საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რაგბის კავშირის პრეზიდენტი, სოსო ტყემალაძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს:
„როგორც იცით, საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ლევან მაისაშვილი უკვე ერთ თვეზე მეტიაიმყოფება სამხრეთ აფრიკაში, ქალაქ იოჰანესბურგის კერძო საავადმყოფო „ნეთქეა მილპარკჰოსპიტალში“, კოვიდ ინფექციით გამოწვეული გართულებებით.
მისი მდგომარეობა, სამწუხაროდ, კვლავ კრიტიკულად მძიმეა, თუმცა ჩვენ არ ვკარგავთ მისი გამოჯანმრთელების იმედს. ჩვენს ოპტიმიზმს კი მიმდინარე მაღალკვალიფიციური და ყურადღებიანი სამედიცინო მხარდაჭერა გვიძლიერებს, ლევანის უკომპრომისო ბრძოლისუნარიანობასთან ერთად.
მინდა მადლობა გადავუხადო „ნეთქეა ჰოსპიტალების“ ქსელის უმაღლეს მენეჯმენტს მხარდაჭერისათვის, განსაკუთრებით „ნეთქეა მილპარკის“ ექიმების გუნდს, მათი თავდაუზოგავი შრომისა და დიდი ყურადღებისათვის.
დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ უკომპრომისო ბრძოლაში ლევანის მკურნალობას სასურველი შედეგები მოჰყვება. ყველა მეგობარს საქართველოში თუ სამხრეთ აფრიკაში კი მოვუწოდებთ რომ ილოცონ ლევანის ჯანმრთელობისათვის.
ქართული რაგბის და ლევანის ოჯახის სახელით, ასევე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სამხრეთ აფრიკაში მოღვაწე ქართველ ექიმს – ბატონ ვახტანგ რეხვიაშვილს და მის ოჯახს, ასევე საქართველოს ელჩს სამხრეთ აფრიკაში ბატონ ბექა დვალს, ვინც განსაკუთრებულ და მნიშვნელოვან მომენტში პირველივე დღეებიდან გვერდში უდგას ჩვენს დიდ ოჯახს და ქართულ რაგბს“, – აცხადებს სოსო ტყემალაძე.
შეგახსენებთ, რომ „ბორჯღალოსნების“ მთავარ მწვრთნელს, ლევან მაისაშვილს კორონავირუსი სამხრეთ აფრიკული შეკრების დროს იოჰანესბურგში დაუდასტურდა და ამ დრომდე კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.








