საქართველოს ნაკრები “ესტადიო ნუევო ვივეროზე” ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა და 0:4 დამარცხდა.მარცხის შემდეგ, ვილი სანიოლმა მედიასთან ისაუბრა.
„ძალიან რთულ თამაშს ველოდით, რადგან არ შეგვეძლო დავყრდნობოდით რამდენიმე ჩვენს წამყვან ფეხბურთელს, თუმცა ამის ფონზეც კი, მატჩი კატასტროფულად დავიწყეთ. ჩვენგან არანაირი შემართება და ბრძოლისუნარიანობა არ იყო.
მეორე ტაიმში მოვუმატეთ. გვქონდა რამდენიმე მომენტი და ეს არის ის მცირე პოზიტივი, რაც მე ამ მატჩში ამოვიკითხე. ჩვენ გვყავს ბევრი მოთამაშე, რომელთაც 90 წუთის განმავლობაში არ შეუძლიათ მოედანზე ყოფნა, რადგან თავიანთ კლუბებში ისინი მხოლოდ ერთ საათს თამაშობენ. ისინი კარგი ფეხბურთელები არიან, თუმცა მე მათ მოედანზე 90 წუთი ვერ ვინარჩუნებ. ამიტომაც რამდენიმე იძულებითი ცვლილება დაგვჭირდა.
ესპანეთს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ საკვალიფიკაციო ეტაპზე, განსაკუთრებით ჩემს კარგ მეგობარს ლუის ენრიკეს. ესპანეთმა დღეს ყველა კომპონენტში გვაჯობა, ჩვენს ფეხბურთელებს შორის არსებულმა განსხვავებამ ტექნიკურ მახასიათებლებში, შეხვედრის ბედი განსაზღვრა“, – განაცხადა სანიოლმა.
საქართველოს ნაკრებს B ჯგუფში მე-5 ადგილი უკავია და ნათელია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს ამჯერადაც ვერ მოიპოვებს.





