უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე 23-წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა ფინალში ვლადიმირ ახალკაცი დაამარცხა და საქართველოს ოქროს მედალი მოუპოვა.
ტატომ ჩემპიონობამდე დიდი გზა განვლო, ახალგაზრდა სპორტსმენმა პირველ წრეში დაისვენა, 1/8 ფინალში სლოვაკ მეტოქეს სძლია, 1/4 ფინალში რუს მეტოქეს იპონით მოუგო, ნახევარფინალში მოლდოველი მეტოქე დაამარცხა, ფინალში კი თანამემალულე ვლადიმირ ახალკაცს მოუგო და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ტატო გრიგალაშვილმა აღნიშნული ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა. ვლადიმირ ახალკაცმა და გრიგალაშვილმა საქართველოს აღნიშნულ ტურნირზე მეორე და მესამე მედლები მოუპოვეს.
დღეს ასევე სხვა ქართველ ძიუდოისტებსაც წარმატებული დღე აქვთ. სოფიო სომხიშვილი და ილია სულამანიძე ფინალში გავიდნენ. საბა ინანეიშვილი, გელა ზაალიშვილი და მარიამ ჭანტურია ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ.





