საქართველოს ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ ვეტერანმა ფეხბურთელმა, შოთა არველაძემ საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის 17-წლამდე გუნდთან ერთად ვარჯიში ჩაატარა.
48 წლის სპეციალისტმა სოციალურ ქსელში განცხადებაც გაავრცელა და „დინამოს“ მადლობა გადაუხადა.
„თითქმის 9 თვეა მინდორზე არ გავსულვარ და მიხარია, რომ დინამოს აკადემიაში, 17 წლამდე გუნდის მწვრთნელთან და ფეხბურთელებთან ერთად, ვარჯიშის ჩატარების შესაძლებლობა მომეცა. მოედანზე მათთან ერთად ყოფნა სასიამოვნო იყო და ემოციურად დიდი შევსება მივიღე.
ამ თაობას და განსაკუთრებით მოზარდებს, იმაზე მეტს უნდა ვთავაზობდეთ, ვიდრე დღეს ვახერხებთ. ნიჭიერ ადამიანებს უფრო დიდი შესაძლებლობები უნდა ჰქონდეთ და ფეხბურთშიც ასეა – უფრო მეტი უნდა შევთავაზოთ და განვითარების მეტი შანსი მივცეთ. მადლობას ვუხდი მთავარ მწვრთნელს, ვახო იაგორაშვილს და გუნდის ხელმძღვანელებს რომ აკადემიაში ყოფნის და ვარჯიშში ჩართვის შესაძლებლობა მქონდა. მადლობა ბიჭებს ვარჯიშისთვის და ველოდები მათ დიდ ნაბიჯებს, დიდი ფეხბურთისკენ!“, – წერს არველაძე.







