საქართველოს ნაკრების ვეტერანმა ფეხბურთელმა და ამჟამად, საკმაოდ წარმატებულმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლაში მასტერკლასი ჩაატარა.
48 წლის სპეციალისტმა ახალგაზრდა თაობას საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და გარკვეული რჩევა-დარიგებებიც მისცა.
ჩატარებული ვარჯიშის შესახებ შოთიმ სოციალურ ქსელში მცირე განცხადებაც გაავრცელა:
„კიდევ ერთი მასტერკლასი მოზარდებისთვის და კიდევ ერთი სასიამოვნო დღე ჩემთვის. ამჯერად, ვარჯიში 35-ე საფეხბურთო სკოლის ფეხბურთელებისთვის ჩავატარე და პროცესმა ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. ეს სკოლა ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია, ჩვენი ბავშვობის ემოციებს და მოგონებებს აერთიანებს და აქ, ამ ადგილზე, არაერთი დიდი ფეხბურთელი გაიზარდა. მადლობა მინდა ვუთხრა სკოლის ხელმძღვანელებს და მწვრთნელებს, გოჩა ავსაჯანიშვილს, თემურ და ნიკა ფოცხვერიებს ამ შესაძლებლობისთვის და იმისთვის, რომ აინტერესებთ და ცდილობენ მოზარდების ყოველდღიურობა უფრო საინტერესო გახადონ“, – წერს არველაძე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ 48 წლის მწვრთნელმა ვარჯიში თბილისის „დინამოს“ აკადემიაშიც ჩაატარა.





