საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე გრანდ სლემზე 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ახალგაზრდა სპორტსმენი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში სლოვენიელ ძიუდოისტს უნდა შეხვედროდა, თუმცა მეტოქე ტრავმის გამო არ გამოცხადდა და ქართველ სპორტსმენს ტექნიკური გამარჯვება ჩაეწერა.
ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედლის მოპოვებამდე დიდი გზა გაიარა. ახალგაზრდა სპორტსმენმა პირველ წრეში დაისვენა, 1/8-ში მაურიტისუელი სპორტსმენი იპონით დაამარცხა, 1/4-ში კი მასპინძელ ძიუდოისტთან ვაზარით დამარცხდა. მარცხის შემდეგ, რეპეშაჟში გადაერთო და ასევე მასპინძელ პრისცილა გნეტოს სძლია.
ეთერისთვის აღნიშნული მედალი ძიუდოს მსოფლიოს ტურზე მე-4 აღმოჩნდა.
ხვალ საქართველოს სახელით 3 ძიუდოისტი იასპარეზებს. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მოპოვებას ტატო გრიგალაშვილი ეცდება, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში საჭიდაოდ ლუკა მაისურაძე გამოვა, 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი ოქროს მედალს ონისე სანებლიძე შეუტევს.








