სანდრო მამუკელაშვილმა G ლიგაში მორიგი მატჩი გამართა. „ვისკონსინ ჰერდი“ გათამაშების მე-6 ტურში „ვინდი სიტი ბულსს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 124:116 გაიმარჯვა.
მასპინძელთა რიგებში საუკეთესო მოთამაშე ქართველი კალათბურთელი გახდა. სანდრომ მოედანზე 33 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 28 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მოაგროვა. „მამუმ“ 7-დან 5 სამქულიანი და 9-დან 6 ორქულიანი ჩააგდო. ამასთან, 4 საჯარიმოდან ზუსტად მხოლოდ ერთი გამოიყენა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, მეტოქის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდა.
მიმდინარე გათამაშებაში „ვისკონსინ ჰერდის“ ანგარიშზე 6-დან 6 მოგებაა. სანდროს გუნდი მომდევნო შეხვედრას 1 დეკემბერს ჩაატარებს.








