დღეს, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში სტუმრად ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ქართველმა კალათბურთელებმა მატჩამდე ბოლო ვარჯიში გუშინ გამართეს, რომლის დასრულების შემდეგაც ჩვენი გუნდის წევრმა, ბექა ბურჯანაძემ მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.
„განწყობა ძალიან კარგი და პოზიტიურია. გრძელი გზა გამოვიარეთ, თუმცა კარგი ვარჯიში ჩავატარეთ. დასასვენებლად მცირე დროც გვქონდა. შეხვედრას მოუთმენლად ველოდებით. ურთულესი მატჩი იქნება, რადგან მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონები არიან. ჩვენს პირველ თამაშში დაშვებული ხარვეზები უნდა გამოვასწოროთ და უნდა ველოდოთ წარმატებას და გამარჯვებას“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსის გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში, 26 ნოემბერს უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და მეტოქე 5 ქულის სხვაობით, 88:83 დაამარცხა.
რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ის საქართველოს ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას გარეშე ჩაივლის, რომელსაც უკრაინის ნაკრებთან მიღებული ტრავმა გაუმიზეზდა. მატჩი თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.








