პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან ნიკოლოზ ბასილაშვილს მიმართა და ყატარში მოპოვებული წარმატება მიულოცა.
პარლამენტის წევრმა ასევე განაცხადა, რომ ბასილაშვილის წარმატება მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და ასევე აღნიშნა, რომ მისი მოძალადეობის არ სჯერა.
„მსურს მადლობა ვუთხრა უკვე ლეგენდარულ სპორტსმენს ნიკოლოზ ბასილაშვილს. შეიძლება დიდ ქვეყნებში ასეთი ბევრი წარმატება აქვთ იქაურ სპორტსმენებს, მაგრამ ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ეს სპორტიც არის, პოლიტიკაც, ხელოვნებაც და კულტურაც. როგორც ერთმა მოქალაქემ ერთ მოქალაქეს, როგორც ერთმა ქართველმა ერთ ქართველს მსურს დიდი მადლობა ვუთხრა იმ თავდაუზოგავი შრომისთვის და იმ წარმატებისთვის, რომ საქართველოს და ჩვენი ერის სახელი ასე გაიტანა მთელს მსოფლიოში. თან იმ ფონზე, რაც მას თავს დაატყდა. როგორც კონსტანტინე გამსახურდია იტყოდა, წარმატებული კაცი რომ გამოგვერევა ხოლმე, მერე მზად ვართ დავკორტნოთ ყველამ განსაკუთრებული ჟინით და შემართებით. ამ ახალგაზრდა კაცსაც ასე უტევდა ძალიან ბევრი. ვერაფრით დავიჯერებ ამ კაცის მოძალადეობას, არც უჩანს, რომ მოძალადეა. პირიქით, ვნახეთ, რომ მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან წამებში მან სიტყვა წარმოსთქვა და პირველ რიგში, თუ ვინმეს მიმართა და თავისი წარმატება მიულოცა, ეს არის მისი მცირეწლოვანი შვილი. ამის მოსმენით ალბათ ყველა გულაჩუყებულნი ვიყავით. მადლობა ნიკოლოზ ბასილაშვილს თავგანწირული ბრძოლისთვის, შრომისთვის წარმატებისთვის და მას, ისევე როგორც ყველა ქართველ სპორტსმენს მსგავსის გამეორებას ვუსურვებ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.





