თითქმის 16-თვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, უმცროსი ბორჯღალოსნები 18 ივნისს მოედანზე გავლენ და არგენტინელი თანატოლების წინააღმდეგ 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის პირველ შეხვედრას გამართავენ, რომელიც სამხრეთ აფრიკაში, სტელენბოშში გაიმართება.
ხანგრძლივი პაუზა კოვიდ-პანდემიამ განაპირობა, რომელმაც 2020 და 2021 წლების 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატები ვერ ჩატარდა. მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი უნდა აღდგეს და უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მისთვის მზადება უკვე დაიწყეს. მწვრთნელებმა 2002-2003 წელს დაბადებულ მორაგბეებს უხმეს და საქართველოში ორი შეკრება გაიარეს, ახლა კი, ბოლო წლების ტრადიციის თანახმად, სამხრეთ აფრიკაში 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიაში სათამაშოდ გაემგზავრნენ.
სტელენბოშში ჩვენი გუნდი პირველ შეხვედრას დღეს თბილისის დროით 15:00 საათზე არგენტინის წინააღმდეგ გამართავს და როგორც საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდი იუწყება, ტურნირის გახსნის მატჩისთვის მწვრთნელებმა 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელეს. რადგან კოვიდ-პანდემიის გამო 18-წლამდელთა ტურნირებიც არ ჩატარდა, ეს მორაგბეები პირველად მიიღებენ საერთაშორისო გამოცდილებას და სულ სამხრეთ აფრიკაში ოთხ თამაშს გამართავენ. არგენტინის შემდეგ 23 ივნისს ურუგვაის შეხვდებიან, რომელიც ხვალ მასპინძელ სამხრეთ აფრიკას ეთამაშება, 28 ივნისს “ჯუნიორ ბოკეს” გაეჯიბრებიან, ტურნირს კი 3 ივლისს დაასრულებენ და მეტოქე ზემოთნახსენები სამი ნაკრებიდან ერთ-ერთი იქნება.
რადგან ილია მაისურაძე სამხრეთ აფრიკაში მოგვიანებით, ბორჯღალოსნების შერკინების მწვრთნელის რანგში ჩადის, უმცროს ბორჯღალოსნებს ტურნირზე ლადო კილასონია, ზურაბ ამონაშვილი და თორნიკე ბუბუტეიშვილი გაუძღვებიან.





