როგორც ჩანს, კრისტიან ერიქსენი იტალია, ყოველშემთხვევაში „ინტერს“ მაინც მალე დატოვებ. მას მილანურ გუნდში დიდად არ ენდობიან და დანიელიც ამის გამო გულაცრუებულია.
უფრო მეტიც – „ინტერის“ მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ერიქსენს მხოლოდ ხათრის გამო ათამაშებს. ასე ამბობს „ნერაძურის“ აღმასრულებელი დირექტორი ბეპე მაროტა. მისი თქმით, ერიქსენს გუნდიდან წასვლა ამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშიც ექნება და მას დიდად კალთებს არ დაახევენ.
28 წლის დანიელ ფეხბურთელს კი კვლავ ნისლიან ალბიონზე დაბრუნება სურს. გუნდიც მისთვის ნაცნობია – „ტოტენჰემი“, სადაც ექრიქსენს კარიერის საუკეთესო პერიოდი აქვს გატარებული.
როგორც პოპულარული ბრიტანული გამოცემა Sky Sports იუწყება, ლონდონური გუნდის ხელმძღვანელობას „ინტერის“ ბოსებთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვთ და ერიქსენიც „ტოტენჰემს“ დაუბრუნდება. საუბარია იჯარის წესით გადასვლაზე.
კრისტიან ერიქსენის უკმაყოფილების საბაბი ის არის, რომ მას ბევრ სათამაშო დროს არ აძლევენ. დანიელი იტალიაში შარშან იანვარში გადაბარგდა და „ინტერის“ მაისური 40-ჯერ მოირგო, 4 გოლიც გაიტანა.





