ის „ლივერპულში“ ერთ-ერთი მთავარი ფიგურა და ვარსკვლავი იყო. მის გადასაბირებლად „ბარსელონამ“ ბევრი იზრუნა, რა არ მოიმოქმედა და 135 მილიონ ევროდაც გადაიბირა, თუმცა ამაოდ. ბრაზილიელი ფეხბურთელი კატალონიურ გრანდს ვერ შეეწყო და „ბაიერნში“ გაანათხოვრეს.
ფილიპე კოუტინიომ მიუნხენურ გრანდში წინა სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგო და თან ისე, რომ გუნდში ბოლო ჭანჭიკი სულაც არ ყოფილა. ბრაზილიელი კვლავ „ბარსელონას“ დაუბრუნდა, მაგრამ ისევ არ სწყალობენ. მან მიმდინარე სეზონში ჯამში 14 თამაში გამართა და 3 გოლი გაიტანა.
დიდია ალბათობა იმისა, რომ კოუტინიო მომავალი სეზონიდან ისევ პრემიერლიგაში დაბრუნდეს, ოღონდ თავისი ყოფილი გუნდის თანაქალაქელ და მოსისხლე მტერ „ევერტონში“. ლივერპულური კლუბი მზად არის „ბარსელონას“ ბრაზილიელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაუხადოს.
როგორც უცხოური მედია იუწყება, კატალონიელები ამ შემოთავაზებას დათანხმდებიან და ფილიპე კოუტინიოსაც შეელევიან.





